საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს.
კობახიძე აცხადებს, რომ ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან
”სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველას თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ “ოცნება” სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.