რუსების “აგვისტოს კარმა”: რუსი ლტოლვილები და დაკარგული 2000-ზე მეტი ადამიანი

მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედროები რუსეთში კურსკის ოლქში შევიდნენ და ტერიტორიები დაიკავეს, ოლქიდან 122 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. 2 ათასზე მეტ ადამიანს ვერ უკავშირდებიან. მათ ნათესავები, რუსეთის „წითელი ჯვრისა“ და „Лиза Алерт“-ის თანამშრომლები ეძებენ. როგორც ცნობილია, საუბარია იმ ხანში შესულ ადამიანებზე, რომლებმაც თავად ვერ მოახერხეს ევაკუირება.

როგორც BBC-ს სტატიაში ვკითხულობთ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესს ისიც ართულებს, რომ სატელეფონო კავშირი იმ ადგილებში შეფერხებულია, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებია განლაგებული. „ლიზა ალერტის“ ვოლონტიორებმა თავად გადაწყვიტეს, არ განათავსონ დაკარგული ადამიანების ინფორმაცია საჯაროდ.

screenshot-2024-08-22-142945-1724322609.png

ფარული ძებნა

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს შეუტია, 5-6 აგვისტოს რუსეთის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტები, რომ ადამიანებს ეძებდნენ – როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე მესაზღვრე სამხედროებს. სწორედ ასეთი ვითარება იყო მაშინაც, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. უკრაინელები ახლობლების შესახებ ინფორმაციას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვერ იგებდნენ.

BBC-ს ცნობით, 12 აგვისტოსთვის ვოლონტიორები დაახლოებით 2 ათას დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაკარგულია 2 ათასზე მეტი ადამიანია, რადგან 1 მიმართვაში რამდენიმე პირის სახელი იყო მითითებული.

20 აგვისტოს მონაცემებით კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 122 ათასი ადამიანის ევაკუირება მოახერხა. წითელი ჯვრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ორგანიზაციაში 1 500-ზე მეტი მიმართვა შევიდა, მათ მხოლოდ 100 ადამიანის პოვნა შეძლეს. „ორგანიზაცია „ლიზა ალერტის“ ცნობით, მათ 779 მიმართვა მიიღეს და მხოლოდ 111 დაკარგული ადამიანი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, დაკარგულ ადამიანთა უმეტეს ნაწილს ხანში შესული მოსახლეობა შეადგენს, რომელთაც არ სურთ დატოვონ საკუთარი სახლები და ასევე ის სამხედროები, რომლებიც უკრაინასთან საზღვარს იცავდნენ.

screenshot-2024-08-22-142932-1724322609.png

“ხელისუფლება გვირჩევს, უბრალოდ დაველოდოთ”

ჟურნალისტებმა ბევრჯერ სცადეს კურსკის მოსახლეობასთან გასაუბრება, თუმცა ისინი საუბრისგან თავს იკავებენ. მხოლოდ კირილმა გადაწყვიტა ჟურნალისტებისთვის საკუთარი ისტორია მოეთხრო.

კურსკის ოლქის პატარა ქალაქ ლგოვში მცხოვრები კირილი 6 აგვისტოს სუჯაში 78 წლის დედის წამოსაყვანად მანქანით წავიდა. სუჯაში, სადაც სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა, გასული დღის შემდეგ არც წყალი მოდიოდა და მოსახლეობას არც შუქი ჰქონდა. დილით სატელეფონო კავშირიც აღარ იყო. კირილის დედამ და მისმა ახლობლებმა ღამე სარდაფში გაათენეს. სუჯაში ჩასვლისთანავე კირილი მიხვდა, რომ ქალაქი უნდა დაეტოვებინა. 2023 წელს ის უკრაინაში რუსულ არმიასთან ერთად იბრძოდა.

„ბრძოლის ხმა მესმოდა, ნახევარი წლის განმავლობაში სპეცოპერაციაში ვმონაწილეობდი. საიერიშო ქვედანაყოფის მეთაური ვიყავი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა შეტევა მიმდინარეობს, მეგონა რუსეთის არმია შეტევას მოიგერიებდა“ , – აღნიშნავს კირილი BBC-სთან.

კირილის დედამ უარი თქვა სახლის დატოვებაზე, სჯეროდა რომ „მათი სამხედროები მივიდოდნენ და დაეხმარებოდნენ“. კირილი კი მიხვდა, რომ დასახმარებლად არავინ მივიდოდა და თავად გადაწყვიტა დასახლებიდან მეზობლების გაყვანა, ხალხის გაყვანისას კი თავად დაინახა, როგორ დაანგრია ჭურვმა კერძო სახლი.

უკვე საღამოს უკრაინის სამხედრო ძალებმა სოფელი ზაოლეშენკო დაიკავეს და ლგოვსა და სუჯას შორის გადააადგილება შეუძლებელი იყო. დედის წამოსაყვანად მიბრუნებულმა კი გზად უკრაინული დრონი დაინახა. „უკრაინული დრონი დავინახე, მეც შემამჩნიეს, მაგრამ არაფერი დამიშავეს, მათ მე არ ვჭირდებოდი“ , – როგორც ის ამბობს, სუჯაში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო:

„მითხრეს, რომ თუ ქალაქში დავბრუნდებოდი, მეც დამაკავებდნენ. ასე კი ცუდ სიტუაციაში ჩავაგდებდი საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც, რადგან ადრე თუ გვიან ისინი გაიგებდნენ ვინც ვიყავი“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის გაყვანა რომ დაიწყო, მათ შორის კირილიც აღმოჩნდა: „ყველაფერი დავკარგე, სახლი, ფული, საბუთები, მაისურსა და შორტებში დავრჩი“, – ამბობს ის.

screenshot-2024-08-22-142922-1724322608.png

6 აგვისტოს შემდეგ არაფერი გაუგია დედის შესახებ. კირილის დედა კი მაღაზია „Пятерочка“-სთან ახლოს ცხოვრობდა, იქ სადაც უკრაინელებმა ვიდეო გადაიღეს და გაავრცელეს.

ახალ ამბებს კირილი ახლა ტელეგრამ-არხების საშუალებით ეცნობა. როგორც აღნიშნავს, წაიკითხა, რომ უკრაინელი სამხედროები ადგილობრივებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, დაჭრილები კი სუმში საავადმყოფოში გადაჰყავთ. „დედაჩემი არავის დაუნახავს. მას ყველაფრის ეშინია. ამიტომ სავარაუდოდ, ის სახლშია. საშინელებაა შიმშილით სიკვდილი, ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ – რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა, იქედან ძალით წამოვიყვანდი“ – ამბობს კირილი დედაზე საუბრისას.

კირილის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ანასტასია, რომელიც ბებიას და ბაბუას ეძებს. ისინი 70 წლის არიან და მთელი ცხოვრება სოფელში გაატარეს. შვილიშვილს ბოლოს 5 აგვისტოს ესაუბრნენ, როცა უკრაინის თავდასხმა ახალი დაწყებული იყო. ცოლ-ქმარი ბოლოს 7 აგვისტოს ნათესავებმა ნახეს, როცა ისინი სოფელს ტოვებდნენ. მათ წასვლაზე უარი განაცხადეს.

როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალხს მოუწოდა, არ ისარგებლონ გაცნობის პროგრამებით, სამეთვალყურეო კამერებით, ასევე მანქანებში ვიდეორეგისტრატორებით, როგორც ისინი აცხადებენ, ამ პროგრამების საშუალებით უკრაინული დაზვერვა ინფორმაციას აგროვებს.

სამხედროებს კი სთხოვენ, გათიშონ გეოლოკაციის მაჩვენებლები, ასევე შეცვალონ ტელეფონის ნომრები, რომელიც ჩაწერილი აქვთ, მაგალითად, როგორც „ლიოშა ეფ-ეს-ბე“, „პაშა როსგვარდია“ და სხვა, რადგან ეს ნომრები უკვე კომპრომეტირებულია. წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share