“არანაირი მონაწილეობა “კოალიცია ცვლილებისათვის” ბანერის დაზიანებაში არ მიმიღია, კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებას, ვიმყოფებოდი ბახმაროში ოჯახთან ერთად და ჩამოვედი დილით, 5 მილიონი გვაქვს ბიუჯეტი და 8 მილიონი დაიხარჯა ჩოხატაურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და ახლა ლურსმანზე დაკიდებულ ბანერ ვერ მივაჭედინებ ვიღაცას კედელზე, მივედი, ავუხსენი იმათ რაში იყო პრობლემა და მორჩა, ვიღაცა მაგათზე გაბრაზებულმა რაღაცა გააკეთა მე რა შუაში ვარ”
ეს განცხადება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით თოდრიამ, “გურიის მოამბესთან” საუბარში გააკეთა.
თოდრია რედაქციას , მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამომცემლობამ გაავრცელა ინფორმაცია, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ჩოხატაურში “კოალიცია ცვლილებისათვის” ბანერის დაზიანების უკან დიდი ალბათობით, სწორედ დავით თოდრია დგას, რომელიც პარალელურად “ქართული ოცნების” ჩოხატაურის შტაბის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
თოდრიამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის რედაქციას თავად დაუკავშირდა:
“კი ბატონო ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ვმუშაობ შტაბში, მაგრამ რა პოზიციაზე ვმუშაობ ამას გეტყვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაასაჯაროვებთ წყაროს, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია ჩოხატაურის მერიიდან” – გვითხრა თოდრიამ.
“მოვდიოდი ბახმაროდან ოჯახთან ერთად და ვერ გავიგე თქვენი ზარი, კატეგორიულად მოვითხოვ შეეშვათ ჩემს ოჯახს, რა თქვენი საქმეა სად მუშაობდა და მუშაობენ ჩემი ოჯახის წევრები?’ – გაკვირვებას ვერ მალავდა ჩოხატაურის მერიის წარმომადგენელი.
ცნობისათვის, დღეს, დილით, “გურიის მოამბემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
“კოალიცია ცვლილებისთვის” (“ახლები” “დროა” “გირჩი” “რესპუბლიკელები”) ჩოხატაურის ოფისზე ბანერების დაზიენებების უკან, ადგილობრივი მერიის მაღალჩინოსანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული სამსახურის უფროსი, დავით თოდრია – დგას.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის მერიიდან, არაოფიციალურად აცნობეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით თოდრია, მეტსახელად “ხვიტორა” – ჩოხატაურის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსობის პარალელურად – “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისის უსაუფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
გავრცელებულიინფორმაციით, ოპოზიციურ კოალიციაზე განხორციელებული თავდასხმა მისი დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.
“გურიის მოამბე” ბატონ დავით თოდრიას დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მოგვიანებით, რამდენიმე ცდის შემდეგ, რედაქცია, ჩოხატაურის მერიის პრეს სამსახურს დაუკავშირდა და დავით თოდრიას ტელეფონი დააზუსტა.
პრეს სამსახურში გვითხრეს, რომ თოდრია შვებულებაში არ იმყოფება და მისი პირადი საკონტაქტო ტელეფონებიც მოგვაწოდეს,
ჩვენ კვლავ ვცადეთ არქიტექტურული სამსახურის უფროსთან დაკავშირება, თუმცა კვლავ უშედეგოდ.
მოგვიანებით კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არც პრეს სამსახურში უპასუხეს.
რედაქცია აგრძელებს მცდელობას თოდრისათან დაკავშირების და კომენტარის მოპოვებისთანავე მას შემოგთავაზებთ.
ცნობისათვის-დავით თოდრია ძმა, შალვა თოდრია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში-წლების განმავლობაში ჩოხატაურის გამგებელი იყო, თავად თოდრიების ოჯახი კი დაარსების დღიდან კომპანია “ნაბეღლავის” ადმინისტრაციის წევრები არიან.
ცნობისათვის: გუშინ, დილით, “კოალიცია ცვლილებებისათვის” ჩოხატაურის ოფისზე განთავსებული ბანერები, გამოძიებისათვის ჯერ ჯერიბით დაუდგენელმა პირებმა საღებავებით დააზიანეს და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერები განათავსეს, რამდენიმე ბანერი კი ჩამოხიეს კიდეც.
ჩოხატაურის ცენტრში მდებარე ოპოზიციური გაერთიანების ოფისის ბანერები კოალიციის წევრებს ჩამოხეული და გადაღებილი გუშინ დილით დახვდათ.
როგორც კოალიციის ჩოხატაურის ოფისში აცხადებენ, ოფისის გახსნამდეც “ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან “კოალიცია ცვლილებისთვის” გარკვეულ მუქარებს იღებდა, ადგილობრივი მერია კი მათგან ბანერების ჩამოსხნას მოითხოვდა.
გუშინვე, დღის მეორე ნახევარში კოალიციის ოფისზე, ახალი ბანერები გააკრეს.