“თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება, მათ შორის, პოტენციურად, სანქციები, რომლებიც მტკივნეული ნაკბენი იქნება. ამერიკამ ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო სანქციების დაწესება“, – ამბობს ტომ მალინოვსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და ყოფილი კონგრესმენი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების პოტენციურ ძალას.
”თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება, მათ შორის, პოტენციურად, სანქციები, რომლებიც მტკივნეული ნაკბენი იქნება. ამერიკამ ჯერ მხოლოდ დაიწყო სანქციების დაწესება.
ასე გეტყვით: აშშ, ხშირად, საკმაოდ ნელა მოქმედებს. მაგრამ, როცა მოქმედებს, ამას საკმაოდ ძლიერად აკეთებს. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების პოტენციურ ძალას. ეს სანქციები ვაშინგტონმა შეიძლება დააწესოს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. იმედია, ყველაფერი აქამდე არ მივა.
მაგრამ, მალე არჩევნები იქნება. საკითხავი ისაა, რას იზამს მთავრობა არჩევნების შემდეგ. იმედი მაქვს, მთავრობისთვის ძალიან რთული იქნება, ხალხის ნებას წინააღმდეგობა გაუწიოს. [ასე თუ მოხდა], საკმაოდ ძლიერ ნაბიჯებს გადადგამენ აშშ და საერთაშორისო საზოგადოება“,- ამბობს ის.
რა მოხდება, თუკი მთავრობა ასე გააგრძელებს და უნდა ველოდოთ თუ არა აშშ-ისგან უფრო ძლიერ ნაბიჯებს – მალინოვსკი ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგ.
”გამჭვირვალობის კანონი შევიდა ძალაში, მაგრამ მას ძალიან ცოტა ორგანიზაცია ემორჩილება. სხვათა შორის, მე „რადიო თავისუფალი ევროპის“ ბორდის წევრი ვარ და კანონს არც ეს ორგანიზაცია დაემორჩილება.
მოკლედ, უნდა შევხედოთ მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს. თანაც, არჩევნებიც ახლოსაა და უნდა ვნახოთ, რას იზამს მთავრობა, თუ ოპოზიციამ მოიგო, სცემენ შედეგებს პატივს? თუ ასე იქნება, აღარაა საჭირო არანაირი დამატებითი სანქციები ან უფრო მკაცრი პოლიტიკა.
თუკი ასე არ მოხდა და ვენესუელას მსგავსი სცენარი განვითარდა, მაშინ კი, რეაგირება საკმაოდ მკაცრი იქნება“,- აცხადებს ამერიკელი ექს-დიპლომატი.