მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან?
- მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე თითოეული ადამიანისთვის.
თქვენ ახსენეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აშენებთ ბახვი ჰესს, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული გყავთ ადგილობრივები?
- დიახ, სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ ბახვი ჰესის მშენებლობაზე. ჩვენ მიერ პროექტზე დასაქმებული ნახევრად კვალიფიციური თუ, არაკვალიფიციური თანამშრომლების 50% პროცენტი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან პროექტის მიმდებარედ არსებული სოფლებიდან, ძირითადად, მთისპირის თემის სოფლების მაცხოვრებლები, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა. ჩვენთან მუშაობენ როგორც ქალები, ასევე კაცები: მამაკაცები სამშენებლო მოედანზე, ქალბატონები კი, სამშენებლო ბანაკში. თუმცა, აქ განვავრცობდი და ვიტყოდი, რომ პროექტს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, ვინც შეიძლება არაპირდაპირაა ჩართული პროცესში, მაგრამ გული შესტკივა და აკვირდება მის მიმდინარეობასა და განვითარებას. ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენი სოციალური გუნდი აქტიურად ურთიერთობდა და სხვადასხვა სოციალური პროექტის მეშვეობით გვერდში ედგა. ესენი არიან ახალგაზრდები, შშმ პირები, მათი ოჯახები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და ბაღები, პროექტის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ის ადამიანები, ვისთვისაც ხორციელდება ჩვენი სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური პროექტები. ამ ხალხთან 3 წლიანი კომუნიკაციით შევძელით ის, რომ დავანახეთ ჩვენი განზრახვის სისწორე და მუშაობის სტანდარტი. დღეს ისინი არანაკლებ ჩართულნი არიან პროცესში, იქედან გამომდინარე რომ ჩვენი მუშაობის სტილი გამჭვირვალობასა და ჩართულობას ეფუძნება, შესაბამისად ჩვენი პროექტები ყველას სწვდება და ფარავს, ყველას ამყოფებს მიმდინარე პროცესების საქმის კურსში. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ მათაც არანაკლებ აინტერესებთ ის, თუ როგორ განვითარდება პროექტი და რა შედეგებს დავდებთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი, მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თუ, როგორი სტანდარტის იქნება ჰიდროელექტროსადგური, რომლის განვითარებაში პირველივე დღეებიდან არიან ჩართულნი სრულიად უანგაროდ და თავისი რეგიონის სასიკეთოდ.
ალბათ განსაკუთრებული ინტერესის სფეროა სამშენებლო მოედანი. მდინარე ბახვისწყლის ხეობა საკმაოდ მოცილებულია დასახლებულ პუნქტს, ის ადგილი სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ყველას გვაინტერესებს რა ხდება იქ და როგორ გამოიყურება სამშენებლო მოედანი.
- მესმის, რომ ინტერესი დიდია მოსახლეობაში და სწორედ ამიტომ, ზაფხულში ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიდეო პროექტი განვახორციელეთ. გადავიღეთ ჩვენი თანამშრომლები, რომელთა შრომა უზარმაზარია ამ პროექტის განხორციელებაში. გადავიღეთ მათი სამუშაო გარემო და ასევე, ჩავწერეთ ინტერვიუები, სადაც მშენებლები, ელექტრო ინჟინრები, ტექნიკური დირექტორი, სამშენებლო მოედნისა და უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები დეტალურად გვიყვებიან, თუ როგორია მათი სამუშაო რუტინა, კონკრეტულად რა საქმიანობას ახორციელებენ, და რაც მთავარია როგორ, რა სტანდარტით კეთდება ესა თუ ის პროექტი. მრავალმხრივია ჩვენი საქმიანობა და ასევე, ძალიან საინტერესო, რადგან იმ სტანდარტით კეთდება ყველაფერი, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. სწორედ ესაა ასახული ამ ვიდეოებში, რომელთა მედიისა და სოციალური ქსელი ფეისბუქის საშუალებით გავრცელება მოხდება სექტემბრიდან. ვფიქრობ, ეს მასალა ბევრი ადამიანის ინტერესს დააკმაყოფილებს. ამასთანავე, გაიცნობთ იმ პროფესიონალებს, რომლებიც მთლიანად თავის გულს დებენ და ძალისხმევას არ იშურებენ, პროექტის წარმატებულად და მაღალი სტანდარტებით განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ საამაყო პროექტს.