საქმეზე – წულუკიძე და რუსულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველომ მომჩივნებს ვერ შესთავაზა სამართლიანი სასამართლო, რასაც ევროკონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს. ამის გამო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწევს თითოეული მომჩივნისთვის 5100 ევროს გადახდა.
ცნობისთვის, ზურაბ წულუკიძე და ლევან რუსულაშვილი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში 2016 წლიდან დავობდნენ მათი ყოფილი დამსაქმებლის, კომპანია “თელასის” წინააღმდეგ. იმის გამო, რომ პირველმა ორმა ინსტანციამ მომჩივნების ბოლომდე დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები ვერ მიიღო, მათ საქმე უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს და სწორედ იქ განვითარდა ის მოვლენები, რის გამოც საქართველომ სტრასბურგში წააგო საქმე.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მომჩივნები საქმიდან კონკრეტული მოსამართლეები აცილებას ითხოვდნენ, რაც ამ უკანასკნელებმა არ გააკეთეს და სწორედ ეს მიიჩნია სტრასბურგმა ინტერესთა კონფლიქტის წესის დარღვევად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ორივე მომჩივნის საქმე დამოუკიდებლად განიხილა 3 მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ. როგორც აღმოჩნდა საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე გიორგი მიქაბერიძის თანაშემწე გახლდათ “თელასის” იურისტის და შესაბამისად მომჩივანი მხარის უშუალო ოპონენტის შვილი, რაც ორივე აპლიკანტის თანახმად, ამ მოსამართლის ობიექტურობას აყენებდა ეჭვქვეშ. ასევე მომჩივნების თანახმად, დანარჩენი მოსამართლეებიც პირადად ახლოს იცნობდნენ “თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსს, რომლის შვილიც ლევან მიქაბერიძის თანაშემწე იყო.
უზენაესმა სასამართლომ აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ თანაშემწის ფაქტორი მოსამართლეზე ავტომატურ ზეგავლენას არ ნიშნავს, ხოლო ნაცნობობის საკითხი არ იყო მოსამართლეებზე ზეგავლენის დამდასტურებელი ფაქტორი.
სწორედ ეს ამბავი გაასაჩივრეს წულუკიძემ და რუსულაშვილმა სტრასბურგში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა ისინი უზენაეს სასამართლოში ამ საქმის თავიდან განხილვას მოითხოვენ.