ვოლგოგრადის ოლქის მცხოვრები დმიტრი მალიშევი, რომელსაც კანიბალიზმის ბრალდებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და კოლონია უკრაინასთან ომში საბრძოლველად დატოვა, შეტაკებისას ჭრილობების მიღების გამო საკუთარ სოფელში დაბრუნდა. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
“დიახ, იგი დაბრუნდა [სახლში], რადგან [ომში] დაიჭრა. ის ამავე მიზეზით წლის დასაწყისშიც დაბრუნდა სახლში, თუმცა შემდეგ ისევ [საბრძოლველად] წავიდა. მას ყბა და ხელი აქვს დაზიანებული. […] როგორც მან მითხრა, მკურნალობის დამთავრების შემდეგ ფრონტის ხაზზე დაბრუნდება”. – გამოცემა Meduza-ზე დაყრდნობით, თქვა მალიშევის სოფლის გამგეობის უფროსმა.
იმის შესახებ, რომ მალიშევი რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობას მიიღებდა, მაისში გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მალიშევმა კონტრაქტი 2023 წლის შემოდგომაზე დადო მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ ციხეში იმყოფებოდა.
ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას, მალიშევმა თქვა, რომ ომში წასვლა რუსეთის “ტრადიციული ღირებულებების” დასაცავად სურდა. მალიშევის თქმით, მას არ უნდოდა, რომ რუს ბავშვებს დაწყებით კლასებში “პრეზერვატივის სწორად გამოყენება” ესწავლათ ან რუს მამაკაცებს ქუჩაში ერთმანეთი “აელოკათ”.
2015 წლის მაისში ვოლგოგრადის ოლქის სასამართლოსმ დმიტრი მალიშევს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მათ შორის, 15 წელი მაქსიმალური სიმკაცრის ციხეში. არსებული ინფორმაციით, მალიშევმა ტაჯიკი ნაცნობი მოკლა, რომელმაც, მალიშევის თქმით, მას სექსი შესთავაზა. მალიშევმა მამაკაცს თავში 4-ჯერ ჩაარტყა ძალაყინი, ხოლო შემდეგ გარდაცვლილის სხეულიდან გული დანით ამოჭრა და ტაფაზე შეწვა. მან დანაშაული გადაიღო. ამის გარდა, 2013 წლის დეკემბერში მალიშევმა, 2 მეგობართან ერთად, 2 ბიზნესმენი მოკლა.