”ვპირდები სამეგრელოს, ვპირდები მთელს საქართველოს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ძალიან მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას და დიახ, ევროპულ პასპორტს.
აქ, ზუგდიდში თქვენ ყველაზე კარგად იცით, რეალურად რა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მთავარი გასაღები. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი გასაღები სწორედ ევროკავშირის პასპორტშია. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაშია. ამიტომ, 26 ოქტომბერს, მე მჯერა, ზუგდიდი, სამეგრელო, მთელი საქართველო აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას.
მე მჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენ ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეა სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. სამეგრელო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო კარიბჭე. შეიძენს მთავარი ეკონომიკური, სტრატეგიული, ცივილიზაციური შემაკავშირებელი როლს. საქართველო ისევ გახდება მსხვილი რეგიონული მოთამაშე.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჩვენ კვლავ შევქმნით საქართველოს წარმატების, წინსვლის და აღმშენებლობის ისტორიას – ქართულ საოცრებას, რომელიც შთაგონების წყარო იქნება მთელი მსოფლიოსთვის.”