რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრის წინ, რათა დატოვოს იგი სიბნელეში და სიცივეში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ რუსეთს სურს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში ჩააგდოს. ზამთარი მოდის და რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ, უკრაინის ენერგიის წარმოების სიმძლავრე ორი მესამედით შემცირდა“, – განაცხადა ბორელმა ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინისთვის არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების მიწოდება, არამედ ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდა.
„მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების მიწოდებით, არამედ ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების უზრუნველყოფით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ზამთარში ძალიან მძიმე პერიოდი ექნება. ორივე საქმე ერთდროულად უნდა გაკეთდეს. აზრი არ აქვს ელექტროენერგიის გენერატორის მიწოდებას დღეს, თუკი ის ხვალ განადგურდება”, – აღნიშნა ბორელმა.
ამასთან, მისი თქმით, საჭიროა, უკრაინამ გაიუმჯობესოს სამხედრო მდგომარეობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით წარდგეს.
„უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს სამხედრო მდგომარეობა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით წარდგეს. „გამარჯვების გეგმა“ არის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ომი. „სამშვიდობო გეგმა“ კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ მშვიდობა”, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.