ლავროვი მზადაა, შეგვარიგოს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს “მეზობლების”, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან” შერიგებაში დაეხმაროს.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს. მათ ასეც თქვეს, რომ ისტორიული შერიგება გვსურსო. ხოლო რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, რაღაც სახის კონტაქტი გარდაუვალია. თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის… ჩვენ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში მზად ვიქნებით დასახმარებლად”. – თქვა ლავროვმა.

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად”, რადგან “მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო.

“საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში – запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!”. – წერს სიმონიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share