TI: მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩააბარონ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის მოხსნის აქტი.

TI გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ თავდაპირველი აქტი, რითიც ორგანიზაციას საარჩევნო მიზნის მქონეს სტატუსი მიენიჭა, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ჩაჰბარდათ.

“განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაგვბარდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია. მიუხედავად იმისა, რომ ბიურომ თავად უნდა მოგვაწოდოს აქტი წინა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ. ბიუროს კანცელარიაში ეს წერილი ჯერ კიდევ 14:00 საათისთვის იყო დარეგისტრირებული.

ბიუროს წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ მათ უარი თქვეს გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გადმოცემაზე და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის აპირებენ სტატუსის გაჩერებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებას ან/და ჩვენთვის გადმოცემას.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება.” – წერს ორგანიზაცია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share