ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ 17-18 ოქტომბერს განიხილავს – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებს განიხილავენ.
ელჩის თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა და სამწუხაროა, რომ უკვე ბევრი დრო დაიკარგა, რომელიც საჭირო რეფორმებს უნდა მოხმარებოდა.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, უნდა ვიჩქაროთ, ვინაიდან ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოება შესაძლოა მალე მოხდეს.
„ევროპული საბჭო გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო. ივნისში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის გულდასაწყვეტია. ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს 17-18 ოქტომბერს, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ. ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღიაა. სწორედ ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიენიჭებინა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ძალიან მწყდება გული, რომ საჭირო რეფორმების ინიციირების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილამდე, სადაც ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ გელოდებით, გულწრფელად გვჯერა, რომ თქვენ წახვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ 26 ოქტომბერს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან სწრაფად განაახლებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ელჩმა.