„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა “ბათუმელები” სტატიას, სადაც ტიტე აროშიძის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებებია მოყვანილი.
გამოცემის ცნობით, ბათუმში პატარა ბავშვები და მოზარდები საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მსმენელებად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო.
„ეს ყველაფერი ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში ჩათრევაზე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, კობალაძის ქუჩაზე, სპორტულ მოედანზე ესაუბრა.
“ბათუმელების” ცნობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციის პროცესში აჭარის მთავრობის მინისტრებიც დაჰყვებიან. მაგალითად, ტიტე აროშიძის გვერდით, იმ დროს, როცა ის ბავშვებს ტყვიის გავარდნაზე ელაპარაკება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც დგას.