ეს ტერმინი „გადაბარება“ არ უნდა იყოს აპრიორი ისე გაგებული, თითქოსდა „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს და სხვა მოვა.ევროპარლამენტისთვის მთავარია, არ იყოს წინააღმდეგობა, როცა ძველი ხელისუფლება ამთავრებს ფუნქციონირებას და ახალი მოდის.
არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული და არ უნდა იყოს წინააღმდეგობა ხელისუფლების გადაბარებაზე. მათ ეს სიმპტომები დაინახეს – „ქართული ოცნება“ შეიძლება გაუძალიანდეს ნებისმიერი სახის ცვლილებას.
არჩევნებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეეცდებიან, არ შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში სანქციების გამო – შესაძლოა, განაწყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ აღარ შემოუშვას დამკვირვებლები ქვეყანაში და აბსოლუტურად შეიცვალოს გარემო.
ევროპარლამენტის რეზოლუცია უფრო გაფრთხილებაა, ეს არის ევროკავშირის განწყობის მაჩვენებელი. საუბარია არა მარტო განწყობაზე, არამედ იმაზე, რეალურად რა მოხდება არჩევნების შემდეგ.
რეალურად არჩევნებამდე არანაირ სანქციებს არ დააწესებენ, რადგან მთავრობები მოქმედებენ არა განზრახვებით, არამედ მიზანშეწონილობით – ამ დროს ძალიან ბევრი რამ იწონება, მათ შორის, სტაბილურობა არჩევნების დროს.
ევროპარლამენტი აჩვენებს, რომ მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები, „ქართულ ოცნებასთან“ გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა და მოაქციონ იზოლაციაში მთელი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები. მეორეა ის, რომ ოპოზიცია შეაგულიანონ და რაც მთავარია: მოსახლეობას მკაფიოდ დაანახონ , რომ რა სისულელეებსაც ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, აშშ-ს შესახებ, არ რჩება ევროკავშირს უყურადღებოდ. ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველოში ამომრჩეველს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
რუსეთს უკრაინაში რეალურად ძალიან უჭირს. მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოში ახალი კონფლიქტის დაწყება კი, მარტივი საკითხი არ არის. რუსები იმასაც ხვდებიან, რომ მცირედი დახმარება საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ უშველის. შესაძლოა, რუსები უკვე ეძებენ ახალ გზებს ახალ ხელისუფლებასთან. ისინი სააკაშვილსაც არ უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მოდის ხელისუფლებაში, ივანოვი გამოუგზავნეს.