რეზიდენტი: მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი

“მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიტერატურული პრემია “ლიტერას” დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა 2021 წლის მინისტრის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და ის დრო გაიხსენა, როცა “ლიტერას” ჟიურის შედგენის წესი შეიცვალა და ამის გამო ავტორებმა და გამომცემლებმა როგორ გაიტანეს მათ მიერვე წარდგენილი წიგნები, რის შემდეგაც ეს პრემია ჩაიშალა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბა ჩვენი კულტურული საზოგადოება, რადგან პრემიამ “ლიტერა“ სიმბოლური დატვირთვა მიიღო, ეს ერთგვარად თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. 

ყველას კარგად ახსოვს როგორ დაარსდა ის, 2021 წელს მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორ შეიცვალა ჟიურის შედგენის წესი და ამის გამო ავტორებმა და გამომცემლებმა როგორ გაიტანეს მათ მიერვე წარდგენილი წიგნები, რის შემდეგაც ჩაიშალა ეს პრემია, მაგრამ ახლა უკვე აღდგა თავისუფალ საფუძვლებზე აღდგა. ეს სწორედ იმის სიმბოლოა, რომ ბრძოლას, არდანებებას, არშეგუებას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს კულტურასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ მომსწრე გავხდით როგორ დატოვა კომპანია ,,მეტროს“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია იმისა, რომ არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი კულტურა, სადაც არ არის აზრის თავისუფალი გამოხატულება და ცხადია, ლიტერატურა ის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა თავისუფალია. 

ჩვენ, ამ ქვეყნის ცხოვრებაში, გავლილი გვაქვს ისეთი პერიოდები, როდესაც არსებობდა შეზღუდვები და დიდი ცენზურა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანამ და მისმა მწერლებმა შეძლეს, გაევლოთ ძალიან ვიწრო გზაზე. ეს ალბათ, დიდწილად თავისუფალი წლების დამსახურებაა, რომ საქართველოს კულტურამ იმ 70 წელს გაუძლო. 

ახლა ჩვენ არ გვაქვს იგივე განსაცდელი, მაგრამ დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის. 

ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევიკრიბეთ ამ ,,ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიაზე და ვზეიმობთ თავისუფალ მწერლობას, თავისუფალ კულტურასა და საქართველოს თავისუფალ და ევროპულ მომავალს“,- განაცხადა პრეზიდენტმა ,,ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიაზე.

პრემია “ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია – სხვადასხვა ნომინაციაში “ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნატალი დარასელია – სააღდგომო მოკვდინება (გამომცემლობა კალმოსანი) – წლის საუკეთესო დებიუტი;
  • ცოტნე ავსაჯანაშვილი – ერთი ტანკიც სავკასთვის (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
  • ნანა აკობიძე – ვალაუვალი (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
  • დალილა ცატავა – გასტრონომიული სიზმრები (გამომცემლობა ინტელექტი) – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
  • დავით ქაშიაშვილი – რაღა დროს ტექნოა (ინტელექტი) – წლის საუკეთესო რომანი;
  • “პენცენტრის“ სპეციალური პრიზი გადაეცა ლაშა ბუღაძეს წიგნებისთვის: საქართველო სტალინის წინააღმდეგ (სოვლაბი); საქართველოს სახელით (სულაკაურის გამომცემლობა).

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share