“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” “ბოლო ჟამს ადასტურებს”.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის რეგიონებიდან მოქალაქეების საგანგებოდ ჩამოყვანის ფაქტიც შეაფასა და თქვა, რომ “საჯარო მოხელეები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან“.
”ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ბოლო ჟამია “ქართული ოცნების” და მინდა, ხალხს ეს უხაროდეს, რომ “ოცნების” დასასრული სამ დღეში იქნება ჩვენ თვალწინ და ამის თანამონაწილეები უნდა გავხდეთ. რაც შეეხება იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც დღეს საჯარო მოხელეები, ჩვენი პედაგოგები, ბაღის აღსაზრდელები, პოლიციელები არიან, ამას შევაფასებდი სიტყვა კატასტროფით. ეს არის ამ ქვეყნის იდენტობაზე უარის თქმა”, – ამბობს ლევან სანიკიძე.