Associated Press საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ევროპაში.
გამოცემა მიმოიხილავს სახელისუფლებო პარტიის მმართველობას, მოსახლეობის განწყობებსა და იმ კანონებს, რომელიც “ოცნებამ” ბოლო დროს, მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღო და რასაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მოჰყვა.
Associated Press წერს, რომ 2012 წელს “ქართული ოცნება” ხალხს მოსკოვთან ურთიერთობების “გადატვირთვას” დაპირდა, ივანიშვილს კი “ჩრდილოვან მილიარდერად” მოიხსენიებს, “რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა”.
“სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს.
გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც EU-ში, ასევე ნატოში.
ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით. ის მოითხოვს მედიას, არასამთავრობო და სხვა არაკომერციული ორგანიზაციებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ.
ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ეს კანონი საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანია მათი სტიგმატიზაცია.” ნათქვამია სტატიაში.