თბილისში გამართული ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, პრეზიდენტმა გავლენიან ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა კონსტიტუციურ უფლებას მშვიდობიანად იცავს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ მაგალითებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილი პირადობის დუბლირებას ჰქონდა.
პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ლიდერების განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, “ქართულ ოცნებას” თავიანთი ქმედებებით ევროკავშირში შესვლის პრეტენზია ვერ ექნებათ.
ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში, როცა იღებ რუსულ კანონს. ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში, როცა იღებ ანტი ლგბტ კანონს, როცა წინასაარჩევნო პროგრამაში ამბობ, რომ დააპატიმრებ ოპოზიციონერ ლიდერებს, ზოგ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოაქცევ რუსული კანონის ქვეშ ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.
ასეთია ყველა ევროპული ლიდერის და ბოლოდროინდელი ევროპული საბჭოს სხდომის პასუხი. უახლოეს დღეებში იქნება ახალი ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც ამას ნამდვილად დაადასტურებს.
საქართველოს პრემიერის გადასაწყვეტი არ არის, რა პირობებში შეუერთდება საქართველო ევროპას. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, რომელიც გავეცით და რომელთა დაცვისთვისაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის”, – თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ტელეარხთან “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ, გამარჯვებს შემთხვევაში, ყველა ოპონენტის დაპატიმრება და გასამართლება დააანონსა.
“მე არ ვდარდობ საკუთარ თავზე, მე ვდარდობ მთელ ქვეყანაზე, რა მოხდება თუ ყველაფერი “ქართული ოცნების” ხელში აღმოჩნდება. მათ თქვეს წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ ყველას ციხეში ჩასვამენ, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად მოახდენენ “აგენტების კანონის” იმპლემენტაციას, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ NGO-ებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, არამედ ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც. კანონი ასევე გააკონტროლებს ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხვებსაც. ეს იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა. ასე რომ, ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალია და ჩვენი პარტნიორები, ამერიკელებიც და ევროპელებიც, ჩემს მომავალზე მეტად ამაზე უნდა ღელავდნენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.