ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა

სავალუტო ინტერვენციების მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.53 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.39 თეთრით. დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7408 ლარია, ევროსი კი – 2.9623 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი – 3 ლარი.

29 ოქტომბრის ვაჭრობისას ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა – გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. მაშინ სებ-მა თქვა, რომ “ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო”. მათი განცხადებით, არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღეს.

16 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი. სებ-ის განცხადებით, “სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას”. ეროვნული ბანკი წერდა, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება “ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით” მიიღეს.

23 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკი წერს, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება “არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო”. სებ-ის შეფასებით, “ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას”.

25 ოქტომბერს კი, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ს მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა, აუქციონის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლარის ვაჭრობის შემდეგ გახდა ცნობილი – ეროვნული ვალუტა 25 ოქტომბერსაც გაუფასურდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share