დსთ-ს გენერალური მდივანი: ვიმედოვნებ, რომ საქართველო დსთ-ს დაუბრუნდება

დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი იმედოვნებს, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება.

ამის შესახებ ლებედევმა რუსულ გამოცემა Известия-სთან ისაუბრა.

ლებედევმა თქვა, რომ დსთ მისი შემადგენლობიდან წასული ქვეყნების დაბრუნებას მხარს უჭერს და ასევე იმედოვნებს, რომ ქვეყნები, რომლებმაც მისი დატოვების კურსი აიღეს, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა, ორგანიზაციაში კვლავ დარჩება.

“დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თანამეგობრობაში დაბრუნებისთვის კარი არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც არის ღია. ამიტომ, სულ ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ჩარჩოში თანამშრომლობას დაუბრუნდებიან. მე ამ იდეას სრულად ვუჭერ მხარს. […] ყველაფერი ამ ქვეყნების მთავრობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიმედოვნებთ. უკეთესის უნდა გჯეროდეს”.  – თქვა ლებედევმა გამოცემასთან საუბრისას.

თუმცა, გამოცემა ასევე ესაუბრა ექსპერტებს, მათ შორის, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს, რომელთა თანახმადაც, რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, საქართველოს დსთ-ში შესვლა საეჭვოა.

მანამდე, ლებედევმა 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ადამიანები მიხვდნენ, რომ “რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესში შედის”. 

“ადამიანები ხვდებიან ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობას, იმ კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ეჭვგარეშეა ის, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის”. – თქვა ლებედევმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share