NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ალიანსი და მიიჩნევა, რომ მისი გაპრეზიდენტება აშშ-NATO-ს ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს.
“ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და NATO-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ”, – დაწერა რუტემ X-ზე.
ამერიკული მედიის მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. მან ამ რბოლაში ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ხმების დათვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვე ვისკონსინისა და ალასკას შტატებში, რის შემდეგაც საარჩევნო კოლეგიაში 538-დან 279 ხმა მოიპოვა, ხოლო ჰარისმა – 223.