კირთაძე: ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც კალანდარიშვილის მიმართ გამოვხატე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მისამართით შავი სითხის შესხმით მან გულწრფელი პროტესტი გამოხატა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

კირთაძის თქმით, მისი ეს ქმედება სოლიდარობა იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ხმა მოპარეს.

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა იმ ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს და კალანდარიშვილის მოპარული ხმა ჩვენი ამომრჩევლის რეალობას არ ასახავს.

თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა არჩევნების დღეს იმ დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა.

მე, ამიტომ, ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად ბრძოლის დროა, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ”, – განაცხადა კირთაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share