იზოლატორიდან გამოკითხვაზე – მსახიობ ნიკა ქავთარაძის შვილი ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. ორი დღის წინ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული აქტივისტი პოლიციას ძალადობაში ამხელს. სანდრო ქავთარაძე ირწმუნება, რომ ის სამართალდამცველებმა ჯერ ძალის გამოყენებით ჩატენეს საპოლიციო მანქანაში, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს და ურტყეს.
სანდრო ქავთარაძემ წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე საათის წინ დატოვა, რის შემდეგაც კაციტაძის უწყებაში დაიბარეს.
ჩემი დაკავება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოვექომაგე გვერდზე მყოფ ადამიანს, რომელზეც მიმდინარეობდა ძალადობა, ვეუბნებოდი უბრალოდ, რომ ფრთხილად ნელა, რის შემდეგაც იმ ადამიანს გაუშვეს ხელი, გადმოვიდნენ ჩემზე. როდესაც უკვე მანქანაში შევედი, ამის შემდეგ ერთმა პოლიციელმა კეფაში ხელი ჩამარტყა, რომელიც შემდეგ უკან შეხტა და მეორე პოლიციელი, რომელმაც თავიდან დაიწყო ჩემი დაკავება, ის პოლიციელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალადობა, არა მარტო ფიზიკური, სიტყვიერითაც. სახეში მირტყამდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას”, – აცხადებს ქავთარაძე.
ადვოკატებს იმედი არ აქვთ, რომ კარლო კაციტაძის უწყება ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს დასჯის და ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.
აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის იყო “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე პოლიცამ მაშინ დააკავა, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
წინასწარი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 13 დაკავებული დღეს გაათავისუფლეს. თითქმის ყველა მათგანი პოლიციას ძალადობაში ამხელს.