მე-11 მოწვევის პარლამენტი, მე-11 არმიის მემკვიდრეა, პროტესტი გამარჯვებამდე – ნიკა მელია

არავინ არ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას, პატივია და პრივილეგიაა ვიყოთ მართლები და ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში…ხვალ, განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ საღამოს 21 საათზე, პროტესტი გამარჯვებამდე – ამ სიტყვებით მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, გმირთა მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

გმირთა მოედანი უკვე რამდენიმე საათია გადაკეტილია. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება და მასშტაბური აქცია ხვალ, 21 საათიდანაა დაანონსებული:

“არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ აღიარებს, ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, მას არ განიხილავენ,  უამრავი ჩიხური მდგომარეობა აქვს ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც არის ყალბი და თვითმარქვია. ეს უნდა ვიცოდეთ, ამ  ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია ხელისუფლება, რომელმაც დაიწერა ის, რაც ეგონა რომ შერჩებოდა. შესაბამისად, ხვალ და ზეგ არის უმნიშვნელოვანესი დღეები. ხვალ , საღამოს 21 საათზე ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. 24 ნოემბერს, 21 საათზე ვიკრიბებით, რომ გავაპროტესტოთ მანამ, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება და არ გახდება იძულებული მივიღოთ თავისუფალი არჩევნები.

მე-11 მოწვევის პარლამენტი, ჩვენთვის ეს არ არის პარლამენტი. ეს უფრო იმ მე-11 არმიის მემკვიდრეა, რომელმაც ერთხელ შეძლო რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მან მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მხარს გვიჭერს” აღნიშნა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა ძალებმა 24 ნოემბერს შეკრება საღამოს 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს, საიდანაც მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათენებენ და 25-ში, ორშაბათს დანიშნულ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share