ნურც რუსებს ავარევინებთ და ნურც ევროპელებს – მეუფე იაკობი

ჩვენ უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას, რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავ, მაგ საქციელს ჩემ ახალგაზრდობაში ოთხი ასო ერქვა, რა მათი საქმეა რა კანონს მივიღებთ? – რაც ქვეყანას ჭირდება იმ კანონს მივიღებთ! – ვიდგებით იქ, სადაც საჭიროა და ყოველთვის დაგიცავთ. ისე არ გვაქვს გაფლანგული ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას საქართველოს გაუტეხლობა არ მოსწონს.

„ევროპას თავისთან ჩვენი მიღება რომ უნდოდეს ასე გვაწვალებდა? უკრაინას როგორ ექცევა? უკრაინა სჭირდება და ხედავთ რა სიტუაციაცაა, მოლდოვაში ყველაფერი მოსწონთ. ჩვენი რა არ მოსწონთ? ჩვენი გაუტეხლობა არ მოსწონთ და ის, რომ ვიღაცების ღმერთებს არ ვაღიარებთ.

მე მადლიერი ვარ ევროპარლამენტართა იმ ნაწილის, თუნდაც ბორელს, თუნდაც ევროკომისრების, რომლებიც გამოდიან და გვეუბნებიან ასეთ რამეს – ევროკავშირში არც იფიქროთ შემოსვლა, თუ ოჯახური ღირებულებების კანონს არ გააუქმებთო – მადლიერი ვარ, რატომ? იმიტომ, რომ არჩევანს მაძლევენ და პირდაპირ დამიყენეს საკითხი.

არჩევნები რომ ტარდებოდა, ერთმა ძალამ თქვა – ოჯახური ღირებულებები აირჩია. ევროპა როგორ იყო ჩარეული არჩევნებში, ჩარევა კი არა პირდაპირ ზეწოლაც არ იყო ეს, მე ძალადობას დავარქმევდი, როგორც იქცეოდნენ. მათზე ნაკლები ჭკუა და აზროვნება არა გვაქვს. 2 მილიონზე მეტმა კაცმა თავისი არჩევანი გააკეთა.

დამთავრდა არჩევნები, ნახეს რომ იმდენი ხმა არ აქვთ, გამარჯვებულები ვერ გახდნენ და გამოვიდნენ ქუჩაში. რა ხდებოდა თბილისში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო, ვერა-ვაკეზე რა გინდა რომ მიდიხარ, ბოლო-ბოლო ვერაზე ბიჭებს გამოიყვან წყობიდან. თბილისია და სხვანაირად შეხედონ. ხალხი არ გავიდა. მთავარი არჩევანი რომ დადგა, შეხედეს და ოჯახურ ტრადიციებზე და ღირებულებებზე უარი უნდა ეთქვათ.

დღეს ახლა ვინც მომთხოვს, მე რა უნდა მითხრას? რომელიც რუსებთან ვიბრძოდი და სისხლი ლიტრობით მაქვს დაღვრილი, ის უნდა მითხრან, რომ რუსეთში მიგყავართო? თვითონ როგორ იქცევიან? ბავშვებს რა საქართველოს ვუტოვებთ? ახალგაზრდებმა შეიძლება არ იციან თუ რაში შეიძლება გააყოფინონ თავი. ჩვენ ღმერთთან დავრჩით, არ ვართ ვიღაცები, ვინც აქ ცხოვრობს ამ ღირებულებებით ცხოვრობს, ქრისტიანი არის თუ არ არის.

რა უნდა შემომთავაზონ ქარიზმატული ლიდერიც არ დარჩათ? ერთი ჰყავდათ და ისიც ციხეში ზის და იქ დატოვეს, ვინმეს რომ უნდოდეს და მაგის ინტერესი ჰქონდეს, აქამდე ხომ გამოიყვანდნენ ციხიდან?

დღეს რას მპირდები, რუსთან ვიომო? ვისაც ომი უნდა იმან იომოს. არავისთან ომს არ ვაპირებთ და ევროპასთანაც წესიერი ურთიერთობა გვინდა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან.

ვინც ამაზე დაგვიწყებს საუბარს, ვისაც ისინი მხარს უჭერენ ვერ გადაგვირჩებიან და ქუჩაში ვერ გამოვლენ. ჩუმად იმიტომ ვართ, რომ ძალა გვაქვს.

უნივერსიტეტის სტუდენტებს რომ გამოიყვან, გარე-გარე რომ დარბიან, კარავი რომ გაქვს გაშლილი და სკამებს გამოიტან, წვავ, რუსეთზე უარესი ხარ, ოკუპაცია რუსმა გამიკეთა და თბილისში მიკეთებ ოკუპაციას?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „ამერიკასთან მალე დალაგდება ურთიერთობები“.

„ამერიკასთან მალე დალაგდება ურთიერთობები, ირბენენ და ჯობია ჭკვიანად იყვნენ და საქართველო თუ უყვართ არეულობებს თავი დაანებონ, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ როდესაც საჭიროა ერთობა და ერთსულოვნება, ღვთის სიყვარული, მამული, ენა და სარწმუნოება ჩვენთვის წინ არის. საქართველო თუ არ იყო ან რუსეთში, ევროპაში, ან თურქეთში, ან აფრიკაში რა გინდა?

ჩვენ უნდა დავაფასებინოთ ჩვენი ქვეყანა ყველას, რომ გარბიხარ და წერილებით მიმართავ, მაგას ჩემს ახალგაზრდობაში, მაგ საქციელს, ოთხი ასო ერქვა.

ნურც რუსებს და ნურც ევროპელებს ნუ ავარევინებთ, ხომ ხედავ ერთიანდებიან ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ ყველა ყოჩაღია, 20% ოკუპირებულია. რა მათი საქმეა რა კანონს მივიღებთ, რაც ქვეყანას ჭირდება იმ კანონს მივიღებთ? სხვა კანონებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ კანონს დაანებონ თავი, ბორელს გადასაწყვეტი არ არის, რა კანონს მივიღებთ.

ვიდგებით იქ სადაც საჭიროა და ყოველთვის დაგიცავთ. ისე არ გვაქვს გაფლანგული ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსებს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

IPN.GE

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share