განვითარებული დემოკრატიების უმრავლესობაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად უმაღლესი განათლების დიპლომი საჭირო არ არის.
უმაღლეს განათლებას აუცილებელ პირობად არ აყენებენ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც დასავლური ქვეყნები.
სხვადასხვა კვლევითი ცენტრებისა და ექსპერტების აზრით ამის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს.
ისტორიული კონტექსტი: დემოკრატიული სისტემების უმრავლესობა შექმნილია ისეთ დროს, როდესაც უმაღლესი განათლება ელიტების პრივილეგია იყო. ლიდერობაზე/ხელმძღვანელობაზე ფართო წვდომის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციაში ხშირად ერიდებოდნენ მსგავსი მოთხოვნების შეტანას.
თანასწორობის პრინციპი: დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი იდეა ის არის, რომ მიუხედავად წარსულისა, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გახდეს ლიდერი, თუ საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს. უმაღლესი ფორმალური განათლების მოთხოვნამ კი, შესაძლოა, პროცესიდან გამორიცხოს გარკვეული სოციალური და ეკონომიკური ჯგუფები და ბარიერი შექმნას მონაწილეობისთვის.
ლიდერობისკენ მიმავალი განსხვავებული გზები: კონკრეტული მოთხოვნების შეტანა შეამცირებს კანდიდატების რაოდენობას და გამორიცხავს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ლიდერობა გამოავლინეს, მაგალითად, აქტივიზმში, სამხედრო სამსახურში ან ბიზნესში, რაც, შესაძლოა, მმართველობისთვის ღირებულ გამოცდილებას იძლეოდეს. განათლების მიღება და უნარების განვითარება აკადემიის მიღმაც წარმატებით არის შესაძლებელი. საზოგადოებას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ამგვარი სოციალური გამონაკლისები მმართველებად განიხილონ.
სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა ფორმალურ განათლებასთან შედარებით: გავრცელებული აზრით, მმართველობის უნარები, პრაქტიკული გამოცდილება და სამოქალაქო პასუხისმგებლობისადმი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია საჯარო თანამდებობებისთვის, ვიდრე აკადემიური კვალიფიკაცია. სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქის ლიდერობისთვის მომზადებაში, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ინფორმირებული მონაწილეობა და ეთიკური მართვა, ფორმალურ კვალიფიკაციებზე მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განათლება დასავლურ დემოკრატიებში პოლიტიკური თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელი არ არის, საზოგადოება უმრავლეს შემთხვევაში მათ ირჩევს, ვისაც ის აქვს.
ტაბულა