კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს არ შევხდებიან

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე უარს ამბობენ. როგორც პოლიტიკოსები განმარტავენ, ევროსაბჭოს გენმდივანმა დაკავებული მოქალაქეები უნდა მოინახულოს, რათა მისი ვიზიტი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

“გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვსს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!”, – წერს ელენე ხოშტარია.

მსგავსი შინაარსის პოსტს ასევე აქვეყნებს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც:

“დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში

უკვე შევაყტობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები

ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს

მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები

მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი

მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა

სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება

პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ”, – წერს ჯაფარიძე.

კოალიციამ გუშინ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ “ბერსეს ვიზიტს ოცნება პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს”. ასევე გუშინ, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბერსეს არ შეხვდებოდა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება, გუშინ ის შეხვდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. დღეს კი შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მართავს. უკვე შევხდა კოალიცია ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას და ძლიერ საქართველოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share