უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, არ დაუშვას საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა.
როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა არ მისცენ საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპარვით სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
ევროკავშირის ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ „ქართული ოცნების” ლიდერებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.
საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტი გაძლიერდა 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
„ქართული ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, საპროტესტო აქციების დარბევის და დემონსტრანტებზე ძალადობისა და მათი დაკავებების შემდეგ სანქციები აამოქმედეს ბალტიის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა.