სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ გასცენ თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, ხოლო გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, გადახედოს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას, რადგან მელიას დაპატიმრება დააზარალებს “ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ”.
სახალხო დამცველმა საჯარო მოწოდება პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვის დროს გაავრცელა, სადაც ქართული ოცნებისა და მოქალაქეების დეპუტატები საქმის პროკურორს, ამირან გულუაშვილს უსმენენ. სხდომაზე არ დაუშვეს თავად ბრალდებულის, ნიკა მელიას ადვოკატები, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პროცედურული გარემოებებით ახსნა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებულია პარლამენტარებსა და საზოგადოებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დაუსაბუთოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმის შინაარსი და გარემოებები ამგვარ აუცილებლობაზე არ მიუთითებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახალხო დამცველის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის დაპატიმრება “ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს“.
“ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება”, – აცხადებს სახალხო დამცველი 20 ივნისის საქმეზე, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს, – “იმ ფონზე, როდესაც, 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს”.
სახალხო დამცველი საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის არგუმენტით, პარლამენტარებს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებამდე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ შეაფასონ, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან სახალხო დამცველის მოწოდების გათვალისწინება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან პარტიის პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ უკვე გადაწყვიტა, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის.
ქართული ოცნების დეპუტატების დღევანდელი გადაწყვეტილება მელიას პატიმრობის საკითხის გადაწყვეტაში საკვანძო მნიშვნელობის იქნება, ვინაიდან პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ნაცვლად პატიმრობა უკვე მოითხოვა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.