ანალენა ბერბოკი – „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე – „ოცნებამ“ საფრთხე შეუქმნა ჩვენს პარტნიორობას

„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე – „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა შეაფასა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება და კონკრეტული პირების სანქცირების პროცესი განიხილება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უკუსვლაზე პასუხისმგებლობას სრულად „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ ახლა მმართველმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.

„ბებიები, რომლებიც ყინვას უძლებენ და ხელკეტებს არ უშინდებიან. დასველებული ახალგაზრდები, რომლებიც წყლის ჭავლს მხოლოდ ევროპის დროშებით უპირისპირდებიან. ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ. კვირების განმავლობაში ათიათასობით მამაცი ქართველი პატარა სოფლებსა თუ დიდ ქალაქებში აწყობს დემონსტრაციებს თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი გულებში ატარებენ ევროპას, პროევროპული პროტესტი მათი ხმაა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები კი დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ მათ.

ევროპული გზიდან შემობრუნებით „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა და ამით ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე. 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. ეს ყოველთვის ცხადი იყო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის. მაგრამ პროგრესის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონი“ ან LGBTQI-პირების უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს.

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდაჭერის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები. ამავდროულად, ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ შემდგომ ზომებს, რაც ითვალისწინებს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას და კონკრეტულ სანქციებს. ბურთი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველის კარგი მომავლისათვის“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share