აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ-მა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა.
“მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას“, – წერს ბლინკენი განცხადებაში.
მისი თქმით, შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.
”შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.