გურიის მოამბე

2024, საქართველო

საპროტესტო საახალწლო ღამე – 2025 წელს საქართველოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. იქ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. იქამდე, ერთი საათით ადრე მოქალაქეები გლდანის ციხესთან მივლენ და რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახალ წელს ქვეყანა ხვდება გაყინული ევროინტეგრაციით, ამერიკასთან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობით, გამჭვირვალობის  კანონით, დასავლეთისგან სანქცირებული ხელისუფლებით, ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციასაც არცერთი დასავლური ქვეყანა არ ცნობს და უწყვეტი პროტესტით.

გთავაზობთ წლის შეჯამებას თვეების მიხედვით. თვალი გადავავლოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

იანვარი

წელი სტალინის გამოსახულებიანი ხატით დაიწყო. ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი იყო, 6 იანვარს გავრცელდა. მაშინ მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება დააანონსა. ამის შემდეგ, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები მივიდნენ.  მოგვიანებით კი, ფერაძე პოლიციელებმა საკუთარ სახლში დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. პატრიოტთა ალიანსისთვის საპატრიარქოს პოზიცია მისაღები აღმოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვეს, სტალინის გამოსახულება ხატზე სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეეცვალათ. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატზე თავად დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილიც იყვნენ გამოსახულები, რაც პატრიოტთა ალიანსის წევრებმა უარყვეს.

სამებაში მართლაც დაასვენეს წმინდა მატრონას სხვა ხატი, თუმცა, აქტიურად დაიწყო საუბარი რელიგიური ნაგებობების შესახებ კანონზე. მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ რელიგიის კანონი აუცილებელია, რათა “ახალ სილიბისტროებს ლაგამი ამოვდოთ”.

2024 წლის პირველი თვის კიდევ ერთი განსახილველი თემა კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლება გახდა. 23 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პოლიციის დახმარებით თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს  20 ადამიანი, მათ შორის 2 – სისხლის სამართლის წესით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, კრედიტორმა მევალეს შესთავაზა ფართის ალტერნატივა, თუმცა მარინა ხატიაშვილმა უარი თქვა. მათივე ცნობით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციამ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ გადაავადა. თავად ხატიაშვილი ამბობდა, რომ “ალტერნატიული რაღაცა გარაჟი” შესთავაზეს. 25 იანვარს მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი სუხიტაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარეჯან დვალი თანახმაა, ყოფილ მესაკუთრეს, მარინა ხატიაშვილს 90 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცეს კეკელიძის N1-ში მდებარე უძრავი ქონება.

იანვარშივე გახდა ცნობილი, რომ ბიბისიმ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას ეხება. ბავშვების უკანონო გაყიდვის პრაქტიკით დაზარალებული დედები და შვილები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო საჩივრის შეტანას გეგმავენ, რაზეც მათ BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ისაუბრეს.

ფილმის ერთერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, სექტემბერში, მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.

თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი მეორედ დატოვა. მან პოლიტსაბჭოდან მიიღო შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე და იმედი გამოთქვა, რომ ახლა მაინც ექნებოდა შესაძლებლობა, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის.

დაიწყო საუბრები პრემიერობის ახალ კანდიდატზე და იანვარშივე გახდა ცნობილი, რომ განიხილებოდა ირაკლი კობახიძეც. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ თუ კობახიძე პრემიერი გახდებოდა, ეს ქვეყნისთვის ისტორიული მომენტი იქნებოდა.

თებერვალი

პირველივე დღეებში, ქართულმა ოცნებამ პრემიერად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, “ღარიბაშვილმა თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია”.

თებერვლის დასაწყისში უბედური შემთხვევა მოხდა ნერგეეთში – მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ასევე, თებერვალში ე.წ უდოს კომისიის მეშვეობით გათავისუფლდა ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მოგვიანებით, უკვე მარტის თვეში ის სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა.

თებერვალში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – ლაზარეს 12 მსაჯული – პრემიერა. თავისუფლების ინსტიტუტის და ევროპული საქართველოს ყოფილი გუნდის (ახლა უკვე ფედერალისტები) მომზადებულ ფილმში საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.

იმავე თვეში, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო – სხვა ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. მოგვიანებით, მარტის თვეში, პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

ქართული ოცნების თანამშრომლობა ჩინეთთან ახალ ეტაპზე გადავიდა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან რამდენიმე თვეში უვიზო მიმოსვლაც  დაწესდა. მმართველი გუნდი ფაქტს ისტორიულ მოვლენას უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ქართულ პასპორტს “მეტი ფასი დაედო”.

თებერვალშივე გახდა ცნობილი, რომ ოცნება “ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან” დაცვის მიზნით კანონპროექტს აინიცირებდა. მმართველი გუნდის განცხადებებით, “ვიღაცას არ უნდა მოუნდეს, დედა და მამა გააქროს ჩვენი საუბრებიდან” და “ფსევდოლიბერალები ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. პრაიდი”.

მარტი

მარტი მმართველი გუნდის მხრიდან ლგბტ უფლებებთან ბრძოლით გაგრძელდა, რასაც ხელისუფლება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას უწოდებდა. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილება დააინიცირა და აცხადებდა – “სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ლგბტ პროპაგანდის კანონს ბოლომდე მოივიყვანთ”. ასევე, მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების წლისთავს იხსენებდა, საუკუნის აფიორა უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ “ახალგაზრდები აღარ წამოეგებოდნენ”.

მარტშივე გადადგა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. პრემიერმა მიზეზად “მართვისა და კომუნიკაციის კუთხით პრობლემები” დაასახელა.  კობახიძემ ახალ მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაასახელა და თქვა, რომ ის “იქნება საუკეთესო მინისტრი”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ გაერთიანდნენ. მელია ირწმუნებოდა, რომ კეზერაშვილის კვალი პარტიაში არ იქნებოდა და მათი ერთობა გამარჯვების ბაცილას შეიტანდა ყველა ოჯახში.

ივანიშვილის გამორჩეულად ანტიდასავლელი დეპუტატები პარტიად დაფუძნდნენ და ხალხის ძალა დაირქვეს. დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს.

მარტში კიდევ ერთი თემა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ ვეტინგის პროცედურა იყო. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს უნდა შეეტანა ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.  მოსამართლეთა კონფერენციამ ე.წ. ვეტინგზე უზენაესის განცხადებას მხარი დაუჭირა. სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა მხოლოდ რამდენიმე მოსამართლემ.

ერთ კვირაში ქართული ოცნების უმრავლესობამ იმსჯელა და  “ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად” გამოაცხადა.

მარტის თვეში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მთავრობამ ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ წარდგინება საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.

აპრილი

ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად წარადგინა “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო კანონის პროექტი. გარდა ამისა, ოცნებამ დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ. მმართველი გუნდის შეფასებით, გენდერული კვოტირება დღეს ოცნებისთვის “იმდენად მნიშვნელოვანი” აღარაა.

იმავე თვეში, ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააინიცირა ერთი წლის წინ უკან წაღებული რუსული კანონი. მმართველი გუნდი მათივე ტყუილს იმით ხსნიდა, რომ ოცნებამ კანონის არდაბრუნების პირობა დადო, NGO-ებმა “გამჭვირვალობის” და ხელისუფლება – “გადააგდეს”.

აპრილშივე სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, რუსული კანონის საპროტესტო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის იმავე დღეს შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა.

აპრილში დაიწყო პარლამენტმა ონლაინ მედიის ფაქტობრივი ცენზურა. შალვა პაპუაშვილმა სწორედ მაშინ დანერგა პრაქტიკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება – ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არცერთ მნიშვნელოვან განხილვაზე აღარ უშვებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიებზე თქვა, რომ “არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით”.

პარლამენტმა იმავე თვეში დაჩქარებულად მიიღო ე.წ ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და სწორედ ოცნების საპატიო თავმჯდომარეს სურდა, პოტენციური სანქციებისგან დასაცავად ქონების ნაწილი საქართველოში დაუბრკოლებლად გადმოეტანა.

29 აპრილს ქართულმა ოცნებამ “საერთო-სახალხო შეკრება” გამართა, სადაც ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით. სწორედ იმ დღეს გამოაცხადა ქართული ოცნების დამფუძნებელმა ანტიდასავლური ჯიშაჰი. სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი ივანიშვილმა ანტიდასავლურ რიტორიკას, “გლობალური ომის პარტიის” კრიტიკას და ყოფილი ხელისუფლების “გარედან დანიშნული” წევრების დასჯაზე დაპირებებს დაუთმო. მანვე “პირობა დადო”, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ივანიშვილმა რუსული კანონების გაზაფხულზე ინიცირებაზე თქვა, რომ “ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ”.

“ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია” – თქვა ივანიშვილმა

მაისი

რუსული კანონის ხელახლა წარდგენის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც შსს-მ არაერთხელ დაარბია. იმავე დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აშშ-ში პარტნიორობის განსახილველად წასვლაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აშშ-მ ვიზიტამდე რუსული კანონის შეჩერება მოითხოვა და პრემიერი ამ დათქმით იყო მიწვეული.

თვის განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა და რუსული კანონი ძირს გამოუთხრიდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას. თეთრმა სახლმაც განაცხადა, როომ თუ კანონს მიიღებდა საქართველოს მთავრობა, ფუნდამენტურად გადააფასებდნენ საქართველოსთან ურთიერთობას, თუმცა,  კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებდა. მან აშშ-ს ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი “საქართველოში რევოლუციის ორი მცდელობის” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

საქართველოში ჩამოვიდა შშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი. მას ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა, უარი მიიღო. ო ბრაიენის თქმით, პრემიერმა უთხრა, რომ ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების გამო არ შეხვდებოდა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი სანქცირებული არაა და “ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია”. ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ დე ფაქტო სანქციების მომიზეზება მნიშვნელოვან პარტნიორთან შეხვედრაზე უარის სათქმელად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესები ქვეყნის კონსტიტუციურ მიზანსწრაფვაზე მაღლაა დაყენებული.

სწორედ ო ბრაიენის ვიზიტის პერიოდში მიიღო რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მესამე მოსმენით, თუმცა, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებს დაპირდა ვეტოს პროცედურისას პოზიციების შეჯერების შესაძლებლობას. იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ო ბრაიენმა გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებული თეორიები Reddit-ს შეადარა. მანვე თქვა, რომ თუ რუსული კანონი არ შეიცვლებოდა, აშშ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადო და აღნიშნა, რომ კანონი არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ანგარიში გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამაც და განმარტა, რომ ოცნების კანონი რუსული კანონის მსგავსია და არა ამერიკის შეერთებული შტატების.

იმავე თვეში, რუსულ კანონთან დაკავშირებულ ერთერთ საპროტესტო აქციაზე ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა, რაზეც მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს აისახებოდა ევროკავშირის იმიჯზე, ხოლო “ყველა განვითარებული ქვეყანა პანჩურებით გაყრიდა” მათ ქვეყნიდან.

ანტი ლგბტ და ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ 17 მაისი, რომელსაც საპატრიარქო წლებია, ოჯახის სიწმინდის დღეს უწოდებს, უქმედ გამოაცხადა. მსვლელობას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ამბობდნენ, რომ “დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა”.

მაისშივე, აშშ-ში ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა შეიმუშავა MEGOBARI Act – (საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი). კანონპროექტის მიხედვით, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. მათ შორის, განიხილება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. MEGOBARI აქტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მმართველმა პარტიამ ამაზე დაწერა, რომ რუსული კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო “რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან”.

გლობალურ ომის პარტიაზე განსაკუთრებული ხაზგასმით ლაპარაკი ქართულმა ოცნებამ სწორედ მაისში დაიწყო. პარტიის ერთერთი წევრის შეფასებით, ეს მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს. გლობალურ ომის პარტიაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ მათთან “ბრძოლა” პერსონალურადაც არაა სასიამოვნო და რისკებს შეიცავს. მანვე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-ს და ევროკავშირის დეოლიგარქიზაცია გლობალური ომის პარტიის გავლენისგან. იმავე დღეს კობახიძემ თქვა, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასსხმის უკან სწორედ გლობალური ომის პარტია დგას. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან საუბარში ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და “ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.

ირაკლი კობახიძეს იმავე დღეს გამოეხმაურა უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და თქვა, რომ პრემიერმა მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.

იმავე პერიოდში რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ “შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია.” თუმცა, პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სწორედ მათ აქვთ ინფორმაცია გლობალურ ომის პარტიაზე და ამის გასაჯაროების უნდა ეშინოდეთ.

მაისის ბოლოს აშშ-მ რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. იმავე დღეს, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ იწყებდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. მეთიუ მილერმა კი აღნიშნა, რომ თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა, ამას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.

დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ქარტია ითვალისწინებდა ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებას, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას და ნდობის აღდგენას, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წელს საქართველო “აფხაზს და ოს ძმებთან და დებთან ერთად” ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ამას აფხაზეთის ე.წ საგარეომ პოპულისტური წინასაარჩევნო განცხადება უწოდა, ხოლო ოკუპირებულმა ცხინვალმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად შეუფერებელია ნებისმიერი საუბარი საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. შესვლაზე.

28 მაისს ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მეორე დღესვე, გერმანიის ელჩმა თქვა, რომ სანამ კანონი იმოქმედებს, არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რასაც პრემიერმა უპასუხა, რომ პეტერ ფიშერის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს და “გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს”.

ივნისი

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი შემცირდა სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, გაუქმდა ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება, რითაც, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავდა, მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა, პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

აშშ-ს სანქციების პოლიტიკა გაგრძელდა. შეერთებულმა შტატებმა რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა.

ძალაში შევიდა რუსული კანონი და ე.წ ოფშორების კანონი. NGO-ებს 60 დღის ვადაში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ. ევროკავშირის ელჩმა პირველად თქვა, რომ ამ კანონმა საქართველოს ევროიენტაგრაცია გაყინა, მთავრობას 36-მა ქვეყანამ მოუწოდა, გაეუქმებინა კანონი. მათ შორის, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის ქვეყნებმა, თუმცა, მმართველი გუნდის პრემიერი ირწმუნებოდა, რომ EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი კანონამდე იყო ნული, ახლა კი – 20-30%.

9 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა. ხაბეიშვილი ირწმუნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გამო მიიღო და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მიხეილ სააკაშვილმა ცვლილება ენმ-ს “მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუშად” შეაფასა. მისივე თქმით, თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თინა ბოკუჩავა”.

15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ “ბუჩამდე იყო აფხაზეთი – არის ფილმის სახელი და დიახ, უკრაინაში ომამდე იყო ომი საქართველოში”.

ივნისშივე, სოფელ წიწამურის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებდა ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. შედეგად, წყლის მიწოდება შეუწყდა აბონენტების უმეტესობას და ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობა წყალს 3-7-საათიანი გრაფიკით იღებდა

თვის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამაცხა და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. გუნდმა ბიძინა ივანიშვილისგან ჯილდოდ 30 მილიონი მიიღო.

ივლისი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.  პრეზიდენტმა საფეხბურთო ნაკრები და ფედერაციის წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ოცნების ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მ საქართველოში ჩასატარებელი წვრთნები გადადო. თავდაცვის სამინისტრომ ღირსეული პარტნიორი 2024-ის გადადებას “დასანანი” უწოდა. მინისტრმა კი – გაუგებარი გადაწყვეტილება. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ წვრთნების გაუქმება გაუგებარი არ არის, რადგან მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა.

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ საქართველოსთან ყველა პროგრამა გადახედვის პროცესში იყო. ასევე, კონგრესში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის საპასუხოდ დამატებით ზომებზე მუშაობდნენ. თუმცა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ს წვრთნების შეჩერება და EU-ს დახმარების გაყინვა გადაიხედებოდა, ხოლო პრემიერმინისტრი იმაში, რომ მომავალი წლიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება ჩვეულ რელსებს.

30 ივლისს ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად დაესწრო. 31 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ აშშ აჩერებდა $95-მილიონიან დახმარებას, რითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობდა.

აშშ-ს პარალელურად, მკაცრი განცხადებები კეთდებოდა ევროკავშირის მხრიდანაც. ჰერჩინსკიმ გაიმეორა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ჯერ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო EU-ს გაფართოების დიდი ტალღის ნაწილი. ასევე, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებმაც დაადასტურეს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი გაიყინა. გარდა ამისა, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თქვა, რომ გადაწყვიტეს, ამ ეტაპზე აღარ აიღონ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები. ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა დანიამაც. ამ ფონზე, სამთავრობო მედიის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერი სისულელეა და “არ უნდა ჩაგვეწერა”.

ივლისის თვეშივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე. სუს-ი გამოკითხვაზე იბარებდა უკრაინაში მებრძოლებს და ომის ვეტერანებს. სუს-ის დაწყებულ გამოძიებაზე კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სწორედ ამის შესახებ გააფრთხილა.

“მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ მან თქვა, პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. გაფრთხილებაც არსებობდა, ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს ერთგვარ “მესინჯერად” იმისთვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს” – ამბობდა კობახიძე და ირწმუნებოდა, რომ მასზე არასოდეს ყოფილა საუბარი.

“ იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად – თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო” – აცხადებდა პრემიერი.

ივლისშივე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სამი სარჩელი შევიდა – საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიცონერი დეპუტატების და NGO-ების. სამივე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

იმავე თვეში საარჩევნოდ გაერთიანდნენ ლელო, ანა დოლიძის პარტია, მოძრაობა თავისუფლების მოედანი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები. ასევე, ახალი, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ლელოსთან ხედვებში “მცირე განსხვავებების” გამო შეთანხმება ვერ შედგა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება და ყოფილი ქართული ოცნება, ხალხის ძალად წოდებული ივანიშვილის დეპუტატები არჩევნებზე საერთო სიით გავიდოდნენ.

ივლისის ბოლოს ევროპულმა საქართველომ შიდაპარტიული პრაიმერიზი ჩაატარა. ორივე სიის მიერ მიღებული შედეგების პროპორციული განაწილების შედეგად სიის პირველი ხუთეული ასეთი უნდა ყოფილიყო – გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი წერეთელი, ვახო კალოიანი. თუმცა, რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი, რომ პარტიის ნაწილმა შედეგები არ მიიღო, რის გამოც ლიდერებმა ევროპული საქართველო დატოვეს.

აგვისტო

პირველ აგვისტოს ევროპული საქართველო გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა დატოვეს. ბოკერიას განმარტებით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა და გენერალურმა მდივანმა კაკო ბობოხიძემ გადაწყვიტა არჩეული კურსიდან გადახვევა და სწორედ ამიტომ, გაიყო მათი გზები.

ევროპული საქართველოდან წასულებმა ორ კვირაში ახალი პარტია – ფედერალისტები წარადგინეს. ევროპული საქართველო კი, ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა.

აგვისტოშიც გაგრძელდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პროცესი. ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ აშშ-მ შეაჩერა $95-მილიონიანი დახმარება, რითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობდა, ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ვერ გაარკვიეს, რა თანხა შეჩერდა და “ჩვენ არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა”.

ცნობილი გახდა, რომ “რიგი პროექტები დაპაუზდა” ლუგარის ლაბორატორიაში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საუბარი იყო რამდენიმე პროექტის, ტრენინგების შეჩერებაზე. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით,  აშშ-სთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა ქვეყნის ღალატია.

აგვისტოს ომის 16 წლისთავზე სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილი მიიღო, სადაც ბაიდენი ამერიკელი ხალხის სახელით პატივისცემას გამოთქვამს “ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ”. ბაიდენი წერს, რომ იმედგაცრუებულია “საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს”.

ამავე თვეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდნენ აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი.  ჯინ შაჰინის თქმით, მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ მან უარი თქვა. პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან მკაფიოდ განემარტათ – რატომ არ შეხვდათ ივანიშვილი.

საქართველოში ამერიკის საელჩომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის თბილისში ვიზიტის შესახებ დაწერა, რომ აშშ-ს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

აგვისტოს მეორე ნახევარში ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ისინი გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს და “ყველა მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიის” აკრძალვის დაპირებას იძლეოდნენ, ასევე, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” უმაღლეს ხარისხში განმტკიცების. გარდა ამისა, ქართული ოცნება ირწმუნებოდა, რომ “მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში”, აუცილებელი გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება. მათი მტკიცებით, ოპოზიცია “გარე დავალებას შეასრულებდა” და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებოდა.

ამ სამი საკითხის გარდა, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას “საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავი” კიდევ ერთი დაპირებით ხსნიდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს ეხებოდა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავდა, რომ შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე. განხილვები იყო საპატრიარქოშიც. როგორც თვის ბოლოს პრემიერმა თქვა, კონსტიტუციაში გაჩნდებოდა ჩანაწერი, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენია.

აგვისტოს ბოლოს დაიწყო რუსული კანონის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა. მხოლოდ 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა.

სექტემბერი

მმართველი გუნდის განცხადებების პარალელურად, რომ მართლმადიდებლობა კონსტიტუციით განმტკიცდებოდა, როგორც თვითმყოფადობის საყრდენი, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ანტი ლგბტ კანონი მიიღო.

ასევე, სექტემბერში ამოქმედდა “უცხოელ აგენტებზე” რუსული კანონი და ირაკლი კობახიძემ სამთავრობო გრანტების გაცემა დააანონსა მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, “რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს და კეთილ საქმეს აკეთებს”. საგრანტო პროგრამა სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია. უკრაინის საგარეოს ცნობით, მიხაილ ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების საქმიანობის გაძლიერების სურვილთან. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი. მისი მტკიცებით, ხარიშინი ომის დროს სარეცხი მანქანების შეძენისთვის გაიწვიეს.

სექტემბერში თბილისში ჩამოვიდა ბუნდესტაგის დელეგაცია, რომელსაც ქართული ოცნება არ შეხვდა. კობახიძემ თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი, რადგან მათი ერთი წევრი თბილისში საპროტესტო აქციას ესწრებოდა.

ქართულმა ოცნებამ წარადგინა საარჩევნო სია, რომლის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, მეორე ნომერი კი, ირაკლი კობახიძე იყო. ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი ნაწილი მოსახლეობის ომით დაშინება იყო. მათ 26 ოქტომბრის არჩევნები მონათლეს როგორც არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” – ამ ლოზუნგით ოცნებამ ქალაქში საარჩევნო ბანერებიც გამოფინა, სადაც ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანდა, ხოლო მეორე მხარეს კი – ქართული. ბანერები დაგმო უკრაინამ. ევროკავშირის ელჩმა კი, “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” უწოდა. ჰერჩინსკის შეფასებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ასეთი განცხადებებისთვის, საქართველოს ელჩს “გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან.

ე.წ მშვიდობის რიტორიკას თან სდევდა წინა ხელისუფლებისთვის აგვისტოს ომის დაწყების ბრალდებები. მეტიც, გორში, შუშის ბარიერიდან მიმართვისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

“რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება” – განაცხადა ივანიშვილმა.

მის სიტყვებს პროტესტი მოჰყვა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკან არ დაიხია და თქვა, რომ “ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი და ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს”.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მსგავსი განცხადება, “თუ ის შერიგებისკენ რეალური ნაბიჯებით არის გამაგრებული, წარსულის შეცდომების გადააზრებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის მეთოდებზე უარის თქმას, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ემსახურება, შესაძლოა გახდეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პროცესის დასაწყისი”.

ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერიც გამოეხმაურა. მას არ ჰგონია, რომ “საქართველო ბოდიშს უნდა იხდიდეს რუსეთის შეჭრის გამო, ისევე როგორც, საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს”.

27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უმასპინძლა დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს შეეხება. ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა, ბენ ჰადადმა გახსბა. რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების მომზადებული ფილმი სექტემბრის დასაწყისში აჩვენეს ბერნში. აპრილსა და ივნისში ფილმის ჩვენება გაიმართა აშშ-ის კონგრესსა და ბონის უნივერსიტეტშიც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა დამატებით 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, სახაზინო დეპარტამენტმა “ხარება”, იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. აშშ-ს სანქციებს “არასერიოზული მოვლენა” უწოდა ირაკლი კობახიძემ და გაიმეორა, რომ  აშშ-ს ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. მანვე თქვა, რომ დარწმუნებულია, ჯო ბაიდენი არ არის საქმის კურსში. იმავე დღეს, კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა და სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო “შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, “ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.

ერთ კვირაში ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79 – ე სესიაზე გაემგზავრა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა. გადაწყვეტილების მიზეზად საელჩომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაციასა და ნეგატიური რიტორიკა დაასახელა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილებას “არასერიოზული” უწოდა. მისი თქმით, “ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება”. მოგვიანებით, მან მიწვევის გაუქმებაშიც გლობალური ომის პარტიის კვალი დაინახა.

ევროკავშირის ელჩმა სექტემბერშიც თქვა, რომ ბოლო თვეების რამდენიმე მოვლენამ გაზარდა მანძილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მისი თქმით, ევროკავშირი მონიტორინგს უწევს ამ მოვლენებს და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე, ხოლო არჩევნები – სამართლიანი და თავისუფალი.

“ასე გვინდა მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა” – თქვა ჰერჩინსკიმ, ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით კი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი სახიფათოა ევროკავშირისთვის.

16 სექტემბერს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებულ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა.

17 სექტემბერს პარლამენტმა ანტი ლგბტ კანონი და ამნისტიის კანონპროექტი მიიღო. 18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლეს ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.

არჩევნებამდე 40 დღით ადრე პრეზიდენტმა გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია. რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. გახარია ირწმუნებოდა, რომ მათმა გუნდმა დათმო ყველაფერი, რის დათმობაც შეიძლებოდა, თუმცა, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. ხაზარაძის მტკიცებით კი, გახარიამ პრეზიდენტის წინ თქვა უარი შეთანხმებაზე.

ოქტომბერი

ამერიკამ არჩევნების თვეში ქარდების კამპანია დაიწყო. მათ შორის, საელჩოს გვერდზე ამერიკა ქართველებს რუკაზე უხსნიდა, სად უნდა მოიკითხოს ივანიშვილმა მისი მილიონები.  ასევე, პასუხობდა ისფედის მიმართ ქართული ოცნების “ცრუ განცხადებებს”. კობახიძე აცხადებდა, რომ აშშ-ს საელჩო მანიპულაციებს მიმართავდა და ელჩს მოუწოდებდა, ქარდებს ჩაღრმავებოდა.

ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო მტკიცება, რომ ქართული ოცნება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობებს ართმევდა. ანა წითლიძემ კონკრეტული პირებიც დაასახელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ინფორმაცია უარყო.

ოქტომბერშიც გაგრძელდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესების პროცესი. ჰელსინკის კომისიამ განაცხადა, რომ მთავრობის ავტორიტარული გეზი საფრთხეში აგდებს დემოკრატიულ მომავალს. აშშ-ს ელჩი აცხადებდა, რომ აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ოცნების ქმედებებზე შეშფოთება ერთიანია. დანიგანის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილი მათთან შეხვედრაზე უარს აცხადებდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილმა სამთავრობო მედიას ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ომის დასრულების შემდეგ, “მგონი” დაუბრუნდებოდა პირვანდელს. მისივე თქმით, აშშ-ს ელჩს დაურეკა მას მერე, რაც სინგაპურში სასამართლო მოიგო. ივანიშვილმა აშშ-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ”. ის იქვე ამბობდა, რომ დასავლეთისგან სანქციებს აღარ ელოდებოდა და რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ამოწურეს. მისივე აზრით, არჩევნების მეორე დღეს არაფერიც არ მოხდებოდა და მეორე დღე იქნებოდა ძალიან წყნარი.

პარალელურად, ცნობილი გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეეჩერებინათ.

7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რადგან ის ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო ხუთი პარტიის წარდგენილი საერთო რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტარებმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატეს, მტკიცედ დაგმეს რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას თქვა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეუძლიათ. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით კი, თუ ქართული ოცნება კვლავ ლუკაშენკოს გზით ივლის, გადავხედავენ ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

17 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს დასკვნა, სადაც წერია, რომ მთავრობის არჩეული კურსი საქართველოს ევროპულ გზას ძირს უთხრის და, შედეგად, გაწევრიანების მოლაპარაკებებს ფაქტობრივად გაჩერებულია. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება არის საქართველოში გატარებული მიზანიმართული ქმედებებისა და მიღებული კანონმდებლობების შედეგი, “ამიტომ, პრობლემა არ არის ბრიუსელსა ან ვაშინგტონში. პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ საქართველოშია. ეს არის საქართველოს თანამდებობის პირების ქმედებებისა და განცხადებების შედეგი, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება”.

17 ოქტომბერვე სუს-ი ირწმუნებოდა, რომ “პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები” არჩევნების წინა დღეებში გეგმავდნენ “ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”. სუს-ის მტკიცებით, “ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება” იყო. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ უწყებამ “ყალბ ჩანაწერებზე” განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.

20 ოქტომბერს თბილისში პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. როგორც პარტიის წევრების საერთო მიმართვიდან ვიგებთ, მათი მიზანია, დააფუძნონ სახელმწიფო მართვის ისეთი მოდელი, რომელიც აკავებს და აწონასწორებს მმართველ რგოლებს, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. ასევე, ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფედერალისტები ვადების გათვალისწინებით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. მათ მოუწოდეს მხარდამჭერებს, ხმა მიეცათ ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ, ოპოზიციის შიგნით პროდასავლური ძალისთვის, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება.

23 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ შემაჯამებელი აქცია გამართა. ადგილზე მიიყვანეს ადმინისტრაციული რესურსი, მათ შორის, ტაბულას მიაწოდეს აუდიოჩანაწერი, როგორ აიძულებდა უფროსი პედაგოგებს ქართული ოცნების აქციაზე წასვლას.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ფინანსური პოლიცია რამდენიმე მოქალაქის სახლებში შევიდა. მათ შორის, გაჩხრიკეს Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ბინები. ასევე, გაჩხრიკეს კომპანია Concentrix-ის და Mercatus Capital-ის თანამშრომლები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით “სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები”. რამდენიმე დღეში Atlantic Council-ის თანამშრომლებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გაიმართა. დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ ძალადობის და ოპოზიციურ დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტებზე. ასევე, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ბიულეტენების ჩაყრისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებზე. საღამის რვა საათზე სამი ეგზიტპოლის შედეგი გამოქვეყნდა. სამთავრობო ეგზიტპოლით ქართულმა ოცნებამ ხმების 56.1% მიიღო, რაც ფორმულას და მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებთან შედარებით, 14-16%-იანი სხვაობა იყო. ცესკოს გამოქვეყნებული მონაცემები TV იმედის ეგზიტპოლს ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით სრულად დაემთხვა – გიორგი კალანდარიშვილმა ქართული ოცნება 53.93%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა. ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებში გამარჯვება უნგრეთის პრეზიდენტმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა. ის მეორე დღეს თბილისსაც ეწვია.

ცესკოს გამოქვეყნებული შედეგებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგა და გვარამია/მელია/ჯაფარიძე/ხოშტარიას კოალიციას გადაულოცა.

არჩევნების შედეგები არ აღიარეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, ცესკოს გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავდა ხალხის ნებას. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები არ შედგა და ეს იყო ტოტალური გაყალბება. მან პარტნიორებს მოუწოდა, დაუდგნენ გვერდით მოსახლეობას. ზურაბიშვილმა აქციაც დაააანონსა და მოსახლეობას მისვლისკენ მოუწოდა. აქციაზე ოპოზიციამ ახალი არჩევნები მოითხოვა. რომელიც საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს. პარტიები შეთანხმდნენ, რომ არ აღიარებდნენ არჩევნებს და არ შევიდოდნენ პარლამენტში.

ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამოძიება დაეწყოთ “უსაფუძვლო ბრალდებებზე”. დააკავეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი, რომელმაც არჩევნების დღეს ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, მისი თქმით, ოპოზიციის პროვოკაციის გამო ემოცია ვერ მოთოკა და ყუთში ბიულეტენები ამიტომ ჩაყარა. ისკანდაროვს პატიმრობა შეეფარდა.

საიამ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, რადგან დაირღვა ხმების ფარულობა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კი ირწმუნებოდა, რომ შესაძლოა მარკერის კვალი ქაღალდზე ჩანდა, თუმცა ფარულობა არ დარღვეულა.

არჩევნების დარღვევებზე კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს პარტნორებმა. საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გააჩერა შვედეთის მთვარობამ. ენტონი ბლინკენის და  მეთიუ მილერის განცხადებით, დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები და გაიწვიოს კანონები, მათ შორის, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავენ.

30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის მიერ გასული წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების, განსაკუთრებით უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების გამო ამჟამად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეჩერებულია.

იმავე დღეს, სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ კანდიდატის სტატუსიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს ბევრი არაფერი აქვს საზეიმო – მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს და “ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება.

ნოემბერი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ლიდერების მტკიცებით, “ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება”, ნოემბერი ის თვეა, როცა ქართულმა ოცნებამ უკვე თავადვე, ოფიციალურად შეაჩერა ოთხი წლით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

თვე არჩევნების შედეგების გაპროტესტებით და სასამართლოებით დაიწყო. საიას სარჩელი, გაებათილებინა შედეგები, რადგან მარკერის გაჟონვის გამო დაირღვა ხმის ფარულობა, ხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა. თუმცა, სააპელაციომ მისი გადაწყვეტილებაც გააუქმა.

სამი ოპოზიციური პარტია წინააღმდეგობის მსვლელობებზე შეთანხმდა და განაცხადა, რომ ყოველდღე ექნებოდათ მსვლელობები. პარალელურად, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ კარვების შეგროვება დაიწყო.

მათგან დამოუკიდებლად სხვადასხვა უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტების პროტესტი. სტუდენტები პროტესტის ნიშნად შენობაში დარჩენას ცდილობდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათ ეს უფლება ეზღუდებოდათ.

ორ დღეში თსუ-სთან მივიდნენ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები, გაშალეს კარვები და თქვეს, რომ სტუდენტების სოლიდარობის მიზნით 24 საათით დარჩებოდნენ და იქვე იტყოდნენ თავიანთ გეგმას. ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტა და თსუ-ში სასწავლო პროცესი შეწყდა. მეორე საღამოს პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ კვლავ იქ დარჩებოდნენ, დილით კი, პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და განაცხადა, რომ დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, საღამოს კი კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნდნენ.

პარტნიორებმა საარჩევნო დარღვევებსა და დაშინებაზე არაერთი განცხადება გაავრცელეს და შემაშფოთებელი უწოდეს. შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

გერმანიამ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკის გამო, რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტი გააუქმა. ასევე, აშშ-ში “ქართველი ხალხის აქტის” ორპარტიულ კანონპროექტს კიდევ 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ შეწყვეტდნენ დახმარების პროგრამებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან მიდის. მისი ცნობით, გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი და მთავრობის ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდება.

ასევე, 18 ნოემბერს ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ  ევროკავშირის ტექნიკური მისია საქართველოში ჩამოვიდოდა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლიდა. ამას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ “ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი”.

პრეზიდენტმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. მმართველი გუნდი წინასწარ და “დაზუსტებით” ამბობდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების “შანსი არ იყო”.

არასამთავრობო ორგანიზაციების და კონსტიტუციონალისტების შეფასებით, სარჩელის ფონზე პარლამენტის პირველი სხდომა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა, თუმცა, 25 ნოემბერს მაინც გაიმართა პირველი სხდომა, სადაც ელჩები არ მიუწვევიათ. ერთპარტიულმა პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. ამის შემდეგ, ცესკომ სამი ოპოზიციური კოალიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათი საარჩევნო სიები გააუქმა. მეოთხე პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩათვლიდნენ საჭიროდ. მოგვიანებით, 3 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელები განსახილველად საერთოდ არ მიიღო.

26 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოიღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება – ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის. განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამა დაეფუძნა მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას.

27 ნოემბერს საქმიან დილას ინტერვიუ მისცა პეტერ ფიშერმა. მან კრიტიკული განცხადებები გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკაბების გასახსნელად ამ ვითარებაში გერმანიის თანხმობის შანსი არ არის. მანვე თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირს დაშორდება, დასავლურ ქვეყნებს მასთან ისეთი ურთიერთობა ექნება, როგორიც, მაგალითად, უზბეკეთთან აქვთ.

“ჩვენ ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია” – თქვა მან. პეტერ ფიშერს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და თქვა, რომ დღეს საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს.

იმავე დღეს, 27 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა თავისი პრეზიდენტობის კანდიდატი, ანტიდასავლური განცხადებებით განსაკუთრებულად გამორჩეული ხალხის ძალის წევრი, “ჰაბიტუსითაც ქართველი კაცი და შესანიშნავი მეუღლე”, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა და თქვა, რომ დარწმუნებულია, ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს “დროებით წართმეულ ღირსებას”.

28 ნოემბერს ერთპარტიულმა პარლამენტმა ივანიშვილის მთავრობა დაამტკიცა. იმავე დღეს, ევროპარლამენტმა ხუთი პარტიის ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რიგი ზომების მიღებას ითხოვდნენ, მათ შორის, ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირებას, ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესებას და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას. ევროპარლამენტარები ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდნენ, არ ეღიარებინათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ვინაიდან არჩევნებზე დარღვევების მასშტაბებმა პროცესის “ლეგიტიმურობის შელახვა გამოიწვია”.

რამდენიმე საათში ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ასევე, ქართული ოცნების განცხადებით, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”. ამას წინ უძღოდა გასულ საღამოს შალვა პაპუაშვილის ინტერვიუ, სადაც თქვა – “დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”.

ივანიშვილის რეჟიმის განცხადების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ მოქალაქეებს. მათ შორის ჟურნალისტებს. პარლამენტმა განუსაზღვრელი ვადით უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის 48 ოთახი და კაფეტერია.

აქციების პარალელურად, საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა პროევროპული განცხადებები გაავრცელეს. სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები ხელს აწერდნენ პეტიციებს, რომლითაც გმობდნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ერთგული რჩებოდნენ ევროინტეგრაციის კურსისადმი. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, თბილისის მერიის თანამშრომლები. ასევე გადადგნენ ბულგარეთსა და ნიდერლანდებში საქართველოს ელჩები.

ქართულმა ოცნებამ პროტესტის ფონზე თავად დაიწყო ევროკავშირის მიმართ მოწოდებები, რომ “თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერთ ხელს”. იქვე, ივანიშვილის პრემიერი ევროკავშირის ელჩს დაბარებით დაემიქრა, თუ “ქცევას” არ შეიცვლიდა. რეჟიმის მტკიცებით, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო. ოცნების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ “აგენტურული ოპოზიცია” ქვეყანაში არეულობას 16 დეკემბერს გეგმავდა, მას შემდეგ, რაც ევროკომისია საქართველოს მოლაპარაკების გახსნაზე უარს ეტყოდა.

ამერიკის შეერთღებულმა შტატებმა ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის ღალატად შეაფასა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამდე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა. კობახიძემ თქვა, რომ  მასზე სერიოზული ზეწოლა იყო. ჰელსინკის კომისიამ ქართულ ოცნებას დე ფაქტო, არალეგიტიმური მთავრობა უწოდა.

დეკემბერი

პროევროპული აქციები და მათი მონაწილეების დარბევა გრძელდება. დაკავებულები საუბრობენ წამების ფაქტებზე. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 500 დაკავებულიდან 300-ზე მეტს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა. საიას თავმჯდომარის თქმით, დაკავებულთა ნაწილი აწამეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს ხაზი გაუსვა ომბუდსმენმაც და თქვა, რომ აქციის დაშლა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხდებოდა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამებად კვალიფიცირდება.

ძალადობის მსხვერპლი გახდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელიც. მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გარდა ამისა, დაკავებულების ნაწილი ამბობს, რომ მათ საპოლიციო ძალებმა პირადი ნივთები წაართვა და აღარ დაუბრუნა. ამას შსს უარყოფს, თუმცა, მოქალაქეები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები წერენ ჩამორთმეულ ტექნიკასა და ნივთებზე.

პარალელურად, ოცნების მაღალჩინოსნები ემუქრებიან საჯარო მოხელეებს, რომლებმაც მათი ანტიევროპული განცხადება დაგმეს. თბილისის მერმა რეორგანიზაცია დააანონსა და თქვა, რომ პეტიცია “ლუსტრაცია” იქნება. დეკემბერშივე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლებაზე მათი თანამდებობის გაუქმების საბაბით. ასევე, ოცნებამ საჯარო სექტორის წმენდისთვის კანონი მიიღო და მას გაჯანსაღება დაარქვა.

3 დეკემბერს გადადგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი. მან რამდენიმე დღის წინ საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. შაიშმელაშვილმა წასვლამდე TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ “დღეს რაც ხდება, რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომია”.  მან ასევე თქვა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ “იყო [ფიზიკური ანგარიშსწორება], ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით”.

“ყველაზე მძიმე ის აღმოჩნდა, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც სამართალი შეიძლება ვერ ვიპოვო. ამიტომ, ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და მივდივარ ქვეყნიდან” – ამბობს შაიშმელაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძემ შარლატანი უწოდა.

დეკემბერში საპროტესტო აქციების პარალელურად, გაიფიცა თეატრების, სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მას და იმავე ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. პარალელურად ივანიშვილის პრემიერმა კანვასის ტრენინგები მოიყვანა მაგალითად და თქვა, რომ “ხელოვანები წინა პლანზე ჰყავთ რევოლუციურ პროცესში”.

2 500-მდე კომპანია თავისუფალი ბიზნესის მხარდამჭერ პლატფორმას შეუერთდა და საერთო განცხადებით ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი შეფასებით, არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამ ფონზე, ირაკლი კობახიძე დაახლოებით 100 ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა, უმეტესად თავის მხარდამჭერებს და მზადყოფნა გამოთქვა, მეორე შეხვედრაც დანიშნოს, სადაც უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილი კომპანიები იქნებიან.

ამავე თვეში, კოალიცია ცვლილებებისთვის ოფისში ტიტუშკებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს. მოგვიანებით, ოფისის ჩხრეკისას წინააღმდეგობისთვის დააკავეს ნიკა გვარამია და მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე გაჩხრიკეს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ჯგუფ დაიტოვეს ერთერთი ორგანიზატორის ოფისი.

დევნის ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. ის ერთი კვირის შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი გაათავისუფლეს.

სანქციები დაუწესდათ ოცნების მაღალჩინოსნებს. ჯერ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ ივანიშვილს, გომელაურს, სირაძეს და სხვებს. შემდეგ ოცნების რეჟიმი უკრაინამ დაასანქცირა. ასევე, აშშ-მ ქართული ოცნების 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. რამდენიმე დღეში, ბალტიის ქვეყნებმა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს – შეზღუდვები დამატებით ათზე მეტ პოლიტიკოსს დაუწესდა. ამას დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ხაზინის აქციები მოჰყვა – ბრიტანეთმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის შსს-ის მაღალჩინოსნები დაასანქცირა, მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. იმავე დღეს, აშშ-ს ხაზინამ მაგნიტსკის აქტით გომელაური და კეზევაძე დაასანქცირა. კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცეპრემიერად დანიშნა და განაცხადა, რომ შსს-ს 11 წარმომადგენელს ღირსების ორდენით დააჯილდოებენ, მათ შორის სანქცირებულებსაც.

27 დეკემბერს აშშ-მ ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესა ფინანსური სანქციები. თუმცა, ივანიშვილის მთავრობის განცხადებებით, არაფერი შეცვლილა და მათი საპატიო თავმჯდომარე აქამდეც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ოცნების რიტორიკას, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა და საქართველო-აშშ-ს შორის გადატვირთვა მოხდებოდა, ბზარი გაუჩნდა. ივანიშვილის რეჟიმმა დონალდ ტრამპთან “დალაგების” ნარატივის კორექტირება და მოლოდინების კონტროლი დაიწყო. ახალი რიტორიკით, საქართველოსა და ამერიკას შორის ყველაფერი მაშინ და იმდენად დალაგდება, როცა და რამდენადაც დაამარცხებს დონალდ ტრამპი DEEP STATE-ს და მისი გავლით არსებულ სხვა გავლენებს.

დეკემბერშივე ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოს შესახებ ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ხოლო ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადება წარადგინა, რაც ქართულმა ოცნებამ ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა. გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შეზღუდა და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ჩართულობა შეამცირა. ასევე, გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 17-მა სახელმწიფომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რეპრესიული ტაქტიკები შეწყვიტოს.

დასავლეთის კრიტიკული განცხადებების და ქმედებების ფონზე, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები შეხვედრებს ჩინეთის ელჩთან მართავდნენ და თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობდნენ.

მას შემდეგ, რაც TV პირველის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და მისი ოპერატორი სასტიკად სცემეს, ივანიშვილის მთავრობამ ნიღბების აკრძალვა დააინიცირა. მათი მტკიცებით, ნიღბების აკრძალვა აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობდა დაუსჯელობის განცდას. შეკრებებზე სახის დაფარვაზე კანონი დაჩქარებული წესით ერთ კვირაში მიიღეს.

სახის დაფარვის გარდა, აკრძალეს ლაზერის ქონა. ასევე, პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე. მამუკა მდინარაძის თქმით, პროტესტის დღეებმა ცხადყო, რომ ეს აუცილებელი ცვლილებაა. ასევე, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შენობების ბლოკირება და გზის “ხელოვნურად გადაკეტვა” 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მძღოლს, რომელიც “ორგანიზებულად” გზას გადაკეტავს, მართვის მოწმობის 1 წლით ჩამოართმევენ.  “ტერიტორიის იერსახის დაზიანებისთვის” ჯარიმა გაოცმაგდა, თბილისში კი – გახუთმაგდა.

გარდა ამისა, ოცნებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს ვადის ამოწურვის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლება. ასევე, ივანიშვილის პარლამენტის მიღებული კანონით, 2025 წლის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა.

8 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ასევე, ბიზნესმენ ელონ მასკს შეხვდა. მისი თქმით, ტრამპთან და მაკრონთან სიღრმისეული დისკუსია ჰქონდა, ამხილა “მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ”.

11 დეკემბერს ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. ქართული ოცნების ცნობით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა მოითხოვა ყველა დაპატიმრებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ. ქართული ოცნების გავრცელებული განცხადებით კი, მაკრონმა აღნიშნა, რომ “წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო” და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

14 დეკემბერს ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. მას ლუკაშენკომ, ალიევმა, ფაშინიანმა, ვუჩიჩმა და ერდოღანმა მიულოცეს. 18 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.

17 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე. ის ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. მან განაცხადა, რომ მთავრობისგან მიიღო გარანტიები “უცხოური გავლენის” კანონის შესწორების თაობაზე. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, ბერსეს აუხსნა, რომ მისი მანდატი არაა, არაღიარებულ ხელისუფლებასთან კომისია დანიშნოს. ირაკლი კობახიძე კი, ალენ ბერსეს პირველ და ერთადერთ ევროპელს უწოდებს, რომელმაც არგუმენტებით ისაუბრა.

20 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა, NCEQE გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ივანიშვილს, სასახლეში მისულიყო მოსალაპარაკებლად და არჩევნების ახალი თარიღის დასანიშნად. მანვე აღნიშნა, რომ თუ დიალოგი არ იქნებოდა 29 დეკემბრამდე, “არჩევნებზე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით”. კობახიძემ კი თქვა, რომ 29 დეკემბრის მერე გამოჩნდებოდა, სად გააგრძელებდა ზურაბიშვილი ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გარეთ.

ნოემბერში ცნობილი იყო, რომ საახალწლო ნაძვის ხეს 6 დეკემბერს დადგამდნენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის აწყობა 8 დეკემბერს გვიან ღამით, აქციის დაშლის შემდეგ დაიწყო. მეორე დღეს მოქალაქეებმა ხეზე ნაწამები ადამიანების ფოტოები დაკიდეს. მოგვიანებით კალაძემ საახალწლო სლოგანად გამარჯვებებით სავსე ქალაქი გამოაცხადა, ხოლო ნაძვის ხის ანთების თარიღად – 14 დეკემბერი. თუმცა, რუსთაველის გამზირზე მისულ პარტაქტივს გამოუცხადეს, რომ “რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციების” გამო ნაძვის ხის ანთება გადაიდო. 16 დეკემბერს ნაძვის ხე ღონისძიებების გარეშე აანთეს.

საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობაზე უარი ორასზე მეტმა კომპანიამ თქვა, თუმცა, კალაძის მტკიცებით, განაცხადი მათგან მხოლოდ ცხრას ჰქონდა შეტანილი. გავრცელდა კადრები საახალწლო სოფლიდან, რომელიც ცარიელი იყო – მათ შორის სკამები კინოჩვენებიდან.

28 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო ჯაჭვში ჩაებნენ. 29 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დატოვა სასახლე და თქვა, რომ ხალხთან ერთად იქნება. ზურაბიშვილის თქმით, აპირებს ბიზნესის წარმომადგენლებს და რეგიონებში იმ ადამიანებს შეხვდეს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. მე-5 პრეზიდენტი გეგმავს წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტების გაგრძელებასაც.

პარალელურად, პარლამენტში ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. მან იმავე დღეს მოაწერა ხელი რუსული რეჟიმის მიღებულ ყველა რეპრესიულ კანონს.

30 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ ბოჩოლების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა ოთწლიანი დავა მოიგეს.

ტაბულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share