გურიის მოამბე

“გამოძიებას არ ველოდები, ხელისუფლების მოგზავნილ “ტიტუშკებს” ხელისუფლება ხომ არ დასჯის” – მაკა ჩიხლაძე

2024 წლის 7 დეკემბერს ე.წ ტიტუშკების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, მაკა ჩიხლაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქმის სამართლიანად გამოძიების არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გააჩნია.

“ხელისუფლების მოგზავნილ “ტიტუშკებს” ხელისუფლება ხომ არ დასჯის” – აღნიშნავს “ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდის წარმომადგენელი და საზოგადოების თითოეულ სეგმენტს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.

”პოლიცია არ ჰყავს ამ ქვეყანას, არ არსებობს ამ ქვეყანაში ფორმიანი ადამიანი. ხელისუფლების მოგზავნილ “ტიტუშკებს” ხელისუფლება ხომ არ დასჯის. ამ ხელისუფლების პირობებში არანაირ გამოძიებას არ ველოდები, ვინ უნდა გამოიძიოს. გურამ როგავას ფაქტზე უარსე თუ ვნახავდი, ვერ წარმოვიდგენდი და მოხდა ჩემი ამბავი.  ყველა ეს მცდელობა არის უშედეგო. მზიას ამბავიც არის უშედეგო. ხელისუფლებას რა მიზანიც აქვს ვერ მიაღწევს. ახლა რომ ჩვენ უკან დავიხიოთ, ახლა რომ ციხის შეგვეშინდეს, გალახვის შეგვეშინდეს, ძალიან დიდი ხნით თუარა სამუდამოდ უნდა გავჩუმდეთ. ეს არის ბოლო ბრძოლა, ჩემი აზრით და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. მზიასთვის კი არა, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისთვის, რომ არავის არ შეეშინდეს და არ ვიყოთ მუდმივი საფრთხის ქვეშ”,  – ამბობს მაკა ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share