დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში ფიცის დადების შემდეგ დააანონსა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოაწერს შესაბამის კანონს, რომელიც შტატებში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს დაადეპორტებს.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა, რომ სახელმწიფოს საზღვრებთან თავდაცვის ძალებს გააგზავნის და ამასთან, მექსიკის ნარკო კარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
“მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას, რაც შეიძლება შემცირდეს კრიმინალი ქალაქებში” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მაღალი ტრიბუნიდან.
”ყველა არალეგალი დატოვებს ქვეყანას და ჩვენ იმ ხალხის დეპორტაციას დავიწყებთ, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. მე გავაგზავნი თავდაცვის ძალებს საზღვართან, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები. ასევე, დღევანდელი ხელმოწერით მე გამოვაცხადებ კარტელებს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებად. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კრიმინალი ქალაქებში. ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი ქვეყანა, მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე ასევე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევაჩერო ინფლაცია და ფასებმა დაიწიოს ქვეყანაში”, – ამბობს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა – ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.