ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებით, ერთ-ერთმა საერთაშორისო მედიამ „ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ“ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა, რის გამოც უცხოელი ადვოკატები სარჩელს მოამზადებენ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, უარის მოტივად მედია პლატფორმამ დაასახელა გარემოება, რომ Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოება ჯერ დაწყებული არ იყო. კალანდაძის შეფასებით, აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, „გარკვეულ კითხვებს აჩენს“.
„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.
მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.
როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები.
გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
newposts.ge