საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ეს გამარჯვება მზია ამაღლობელსა და სინდისის ყველა პატიმარს ეძღვნება”.
“ქართული ოცნებისთვის ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!” – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
”ვულოცავ ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში . ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად.
ამავდროულად, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები : პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების განთავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა … ქართული ოცნებისთვის ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!
ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი – საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.
PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.