ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა არასტაბილურობით ხასიათდება. კურსი, მიმდინარე ეტაპზეც, გაუფასურებულია და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, რამაც იმპორტირებული პროდუქცია უკვე გააძვირა. არასტაბილურ პირობებში იმპორტიორთა ნაწილისთვის საკვებზე ფასის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა, ამიტომ სურსათზე ღირებულებამ ზოგ შემთხვევაში უკვე მოიმატა.
სამომხმარებლო ფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი – ლარის გაცვლითი კურსი – ამ ეტაპისთვის არასახარბიელო ნიშნულზეა. ამიტომ ქვეყანაში ზოგიერთი დასახელები იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდა. სწორედ ამაზე ისაუბრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ და განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა პირდაპირ ზემოქმედებს საქონლის ღირებულებაზე, რომელიც შემდეგ მომხმარებლს ხვდება დახლებზე.
„გაძვირების პროცესი, რა თქმა უნდა, დაწყებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კურსის მერყეობასა და გაუფასურებაზე, ეს არასასურველ ზეგავლენას ახდენს იმ ფასზე, რომლის ფორმულირებაშიც ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ფაქტორი არის გაცვლითი კურსი. გაძვირების ნიშნები უკვე წინა თვეებში გამოჩნდა, როდესაც ლარმა მერყეობა დაიწყო. ეს, გარკვეულწილად, ეტაპობრივად ისახებოდა ფასებზე. ყველა ცდილობს, რისკი, რაც მომდინარეობს კურსიდან, დააზღვიოს”, – განუცხადა ლაშა რიჟამაძემ „რეზონანსს”.
მიუხედავად გაუფასურებისა, იმპორტიორთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მათი შემოტანილი პროდუქცია ჯერჯერობით არ გაძვირებულა. იმპორტიორი კომპანიის „ალფას” ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი იმედს გამოთქვამს, რომ ლარი დასტაბილურდება.
„ჩვენ ჯერჯერობით არაფერი შეგვიცვლია, რადგან იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება”, – გაუცხადა „რეზონანსს” ირაკლი ციხისთავმა და კითხვაზე – რა არის გაცვლითი კურსის ის ნიშნული, რის შემდეგაც გიჭირდება ფასების შენარჩუნება? – „ალფას” ხელმძღვანელმა განაცხადა:
„სამწუხაროდ არ შემიძლია ასეთი ნიშნულის დასახელება. მიმდინარე ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პროდუქციის ღირებულება ჯერ არ გაზრდილა, არაფერი შეგვიცვლია, დავაკვირდებით სიტუაციას”, – დასძინა „რეზონანსთან” ირაკლი ციხისთავმა.
ლარის კურსის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, სიტუაცია ეროვნული ვალუტი გაუფასურებისკენ იხრება. „თბილისი ცენტრალის” დირექტორის ლევან ყარაშვილის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.
„შარშან უმნიშვნელო ცვლილება იყო, რაც ინფლაციასთან თანხვედრაში მოდიოდა, მაგრამ წლევანდელი წელი როგორი იქნება, ამას უფრო გაზაფხულზე ვიხილავთ. ძვირდება პროდუქცია, იზრდება წნეხი ბიზნესზე საგადასახადო კუთხით და პლუს დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაძვირება ალბათ გარდაუვალი იქნება საცალო სექტორშიც, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ყოველი მოქალაქის ჯიბეზე.
პროგნოზი ძალიან რთულია, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ლარის არსებული კურსის შენარჩუნება ძალიან გართულდება. თუკი ასე გაგრძელდა და სანქცირები კიდევ უფრო გამწვავდა, ლარზე წნეხიც მეტად გაიზრდება. არ მგონია, რომ დღეს ქვეყანაში არსებობდეს საკმარისი რეზერვი, რომ კურსის შენარჩუნების საშუალება გვქონდეს. სამომხმარებლო ბაზარზე, საბოლოო ჯამში, დაიწყება ფასების ზრდის დინამიკა და აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე”, – განუცხადა ყარალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს”.
ფასების სტაბილურობა ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მოსახლეობას მუდმივად აინტერესებს და აწუხებს. იმისთვის, რომ ქვეყანაში პროდუქცია არ გაძვირდეს ლარის მდგრადი კურსია აუცილებელი, თუმცა არსებობს საგადაახადო პოლიტიკა. სწორედ საგადასახადო პოლიტიკაა მიზეზი, რის გამოც საქართველოში პროდუქცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში.
სურსათზე ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში განურჩევლად იმისა, პროდუქცია ადგილობრივი წარმოებისაა თუ იმპორტირებულია, მოქმედებს დღგ-ის საშეღავათო პოლიტიკა, მაშინ როდესაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია 18%-იანი დღგ-ით იბეგრება, ეს კი ევროკავშირის ყველა ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.
მაგალითად, საქართველოში რძეზე დღგ საბოლოო ფასის 18%-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ის 4%-ს შეადგენს, ხორცი დღგ საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი – 4%, პურზე დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში – კი 5.5%-ია. არსებული საგადასახადო პოლიტიკა კი ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სუპერმარკეტების დახლებზე კარაქი, ყველი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, თუ სხვა დასახელების საქონელი, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ევროკავშირში.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღგ არის გადასახადი, რომელზეც საქართველოს ბიუჯეტი ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. 2024 წელს დღგ-ის სახით ბიუჯეტში 9.3 მილიარდი ლარი შევიდა, აქედან 7.55 მილიარდი ლარი ცენტრალურ, 1.77 მილიარდი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში.