დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენის მოჩლექით საუბარი, დღეს დიალოგის რესურსი აღარ არსებობს – ნინო კალანდაძე

დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენის მოჩლექით საუბარი. არაერთხელ მისცეს ფორა და, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არა ერთხელ სცადეს ივანიშვილის რეჟიმთან კონსტრუქციული დიალოგი ეწარმოებინათ, დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ამ დიალოგის რესურსი აღარ არსებობს , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

კალანდაძის თქმით, არჩევნების გაყალბებით, “რუსული კანონის” ინიცირებით, ადამიანებზე თავდასხმით ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში დიდი საფრთხე შექმნა.

“საფრთხე, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა, გამოწვეულია არა იმით, რომ სადღაც უფლებამოსილებას უჩერებენ ჩვენს დელეგაციას ან სადღაც ხმის უფლებას გვართმევენ, არამედ იმ წინაპირობებით, რომლითაც აქამდე მივედით – ივანიშვილის ქმედებებით, მათ შორის, არჩევნების გაყალბებით, მათ შორის, “რუსული კანონის” ინიციირებით, ადამიანებზე თავდასხმით, ჟურნალისტებზე დევნით, დაუსჯელობის დანერგვით, სამართალდამცველების კრიმინალებად ქცევით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით – ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენის მოჩლექით საუბარი. არა ერთხელ ფორა მისცეს და, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არა ერთხელ სცადეს ივანიშვილის რეჟიმთან კონსტრუქციული დიალოგი ეწარმოებინათ, დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ამ დიალოგის რესურსი აღარ არსებობს.

პარტნიორები არ ემხრობიან ოლიგარქიას და ამბობენ, რომ ოლიგარქიასთან ისინი ცივილიზებულ ურთიერთობას ვერ შეძლებენ და სწორედ ცივილიზებული ურთიერთობის გაფორმებაა საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, როგორიც არის ევროსაბჭო, სადაც ოდესღაც მონიტორინგის ქვეშ ვიმყოფებოდით, შემდეგ სრულფასოვანი სტატუსი მოვიპოვეთ, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური კონსოლიდაციის შემდგომ ეტაპზე გადავსულიყავით და ახლა, ნაცვლად იმისა, რომ ამ გაერთიანების სრულფასოვან წევრად ვიქცეთ, დღეს ვუბრუნდებით 90-იანი წლების რეჟიმს, სადაც ჩვენს დელეგაციას, ამ ეტაპზე გაფრთხილების გზით, ეუბნებიან, რომ უფლებამოსილების ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაგრამ მანამდე ამ დელეგაციას ტოვებენ დამკვირვებლის სტატუსით”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ყოფილი დიპლომატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს და მეტიც – მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ცდილობს, საქართველოში, რაც შეიძლება, მყარად გაიდგას ფესვები.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამონათქვამებს უკვე დიდი ხანია, არც სტრასბურგში, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში სერიოზულად აღარავინ აღარ უსმენს, მათ, პრაქტიკულად, არავინ ხვდება. თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროსვე მიერ გასაჯაროებულ შეხვედრებს, უკვე სასაცილოც აღარ არის – აქვეყნებენ ერთსა და იმავე შეხვედრებს, ერთსა და იმავე ხალხთან და აღარ იციან, როგორ წარმოაჩინონ ეს უწყება, როგორც ლეგიტიმური და ფორმალურ ურთიერთობებში ჩართული უწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური შიმშილია “ქართული ოცნების” რიგებში, ხავსს ეჭიდებიან ყველგან, სადაც შესაძლებელია.

ფაქტია, რომ მათ სცადეს, დესანტი გადაესხათ სტრასბურგში და ესეც აბსოლუტური ფიასკოთი დასრულდა სწორედ იმიტომ, რომ მათ აღარავინ უსმენს, მათ შორის, ის, რომ მათ აღარ მოუსმენენ, როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებს – ეს გააფორმეს ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებითაც, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტები შეუზღუდეს. ეს ვლინდება როგორც ფორმალურ ურთიერთობებში, ისე არაფორმალურ ურთიერთობებშიც. ამ ეტაპზე ეს ქვეყანას წაიყვანს საერთაშორისო იზოლაციისკენ, წაიყვანს ივანიშვილის მეტი იზოლაციისკენ და, რაც მთავარია, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებისკენ, რომელსაც ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ცალკეული სახელმწიფოები იღებენ.

ეს ტენდენცია გაგრძელდება იმიტომ, რომ აშკარაა, ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს, პირიქით – ეს აქ იძლიერებს ფესვებს, დაჩქარებული წესით აფორმებს თავის კაპიტალს ოფშორული ზონებიდან – ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება, მყარად გაიდგას საქართველოში ფესვები და ეს გზავნილია, რომ წასვლას არ აპირებს”, – აღნიშნა კალანდაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share