რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობლის დაზარალებულად ცნობაზე

დღეს, 31 იანვარს, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან  „ბათუმელები“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა.

კითხვები, რომელთაც საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეა არ პასუხობს, ასეთია:

  • რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი?
  • გამოკითხეთ ბათუმის პოლიციის უფროსი  ირაკლი დგებუაძე?
  • რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე?
  • რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება?
  • რატომ დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რაზეც მზია ამაღლობელი საუბრობს?
  • ირაკლი დგებუაძე 2023 წელსაც დაადანაშაულეს ფეხის სახეში ჩარტყმაში, „გენრი დოლიძის საქმე“, მოქალაქის გინება – „ხათუნა ბერიძის საქმე“, პისტოლეტით დამუქრებაში – „კახა გურგენაძის საქმე“… რა გამოიძიეთ?
  • რატომ არ გამოიძიეთ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები?
  • როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობლის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე?

რადგან საგამოძიებო სამსახური არც წერილობით  და არც სატელეფონო საუბარში არ სცემდა ამ კითხვებზე პასუხს, დღეს „ბათუმელები“ შეეცადა პირდაპირ ჩართვაში დაესვა ეს კითხვები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსისთვის, გიორგი პერანიძისთვის.

ჩვენ მას ბათუმში, სამსახურის შესასვლელთან დავხვდით და ვკითხეთ, რატომ არ ამზადებენ შესაბამის დასკვნას „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის საქმეზე, რომელიც უნდა გადაეგზავნოს პროკურატურას, რის შემდეგაც მზია ამაღლობელს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

„ბათუმელების“ აქცია საგამოძიებო სამსახურთან/ დაიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე?

გიორგი პერანიძემ „ბათუმელების“ ლაივში სტანდარტული კომენტარი გააკეთა, თუმცა კითხვებს მაინც არ გასცა ამომწურავი პასუხი.

„როგორც სამსახურმა გაავრცელა რელიზი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ქალბატონ მზიას საქმესთან დაკავშირებით.

დაზარალებულად ცნობის საკითხი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას სცილდება, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, თუ სურვილი აქვთ ქალბატონ მზიას ადვოკატებს და უფლებადამცველებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ საქმის მასალების გასაცნობად“ – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

გიორგი პერანიძემ ასევე არ უპასუხა ჩვენს კითხვას, დაიკითხა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობლის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე.

რა უნდა გააკეთოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი დროულად ცნოს პროკურატურამ დაზარალებულად?

როგორც საია განმარტავს, ვინაიდან ამ საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, [პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებს], ისინი ვალდებულნი არიან, შეაგროვონ მტკიცებულებები.

„მინიმალური სტანდარტით მაინც უნდა შეაგროვონ მათ მტკიცებულებები და გამოკვეთონ ის, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არის დაზარალებული. ამის შემდეგ პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულად ცნოს პირი, რის შედეგადაც დაცვის მხარესა და დაზარალებულს ექნებათ უფლება იმისა, რომ საქმის მასალებს გაეცნონ.

აქამდეც უნდა ყოფილიყო მზიას დაზარალებულად ცნობა,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე, საიას იურისტი, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესებს იცავს.

მისივე თქმით, კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული კანონში, თუ რამდენ ხანში უნდა შეაგროვოს საგამოძიებომ მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობის თაობაზე, თუმცა როგორც ჯუბა ქათამაძე განმარტავს, სწრაფად უნდა შეგროვდეს ეს მტკიცებულებები.

„პრაქტიკაში არის ერთი თვე დაახლოებით, მაგრამ ჩვენ უკვე ვაპირებთ მივმართოთ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას, რადგან გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურატურაა და მათი ვალდებულებაცაა ეს.

თუ, რა თქმა უნდა, არ შეაგროვეს მტკიცებულებები და არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაზარალებულად ცნობაზე ზედმეტია ლაპარაკი,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ დააკავეს.

დაკავებისას და შემდეგ, მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო, რის გამოც საია მოითხოვს, პოლიციის უფროსს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება და დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, მზია ამაღლობელს კი, რომელიც იზოლატორში მე-20 დღეა შიმშილობს, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

batumelebi.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share