“მარტში, შარშანდელთან შედარებით, ზეთი 62%-ით არის გაძვირებული, 36%-ით – წიწიბურა, მედიკამენტები 30%-ზე მეტით, ფქვილი და პურეული 18%-ით. ამ საქონელს ყველაზე მაღალი წილი უკავია ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამომხმარებლო ბიუჯეტში, მათ შორის პენსიონერებში…” საქართველოში ფასები ისეთი ტემპით იზრდება, რომ გაძვირების მასშტაბი ვირუსზე არანაკლებ გვაშინებს. ყველაზე მეტად გაძვირებულია პირველადი მოხმარების სურსათი, მათ შორის ზეთი და ცხიმი, ყავა, ჩაი, შაქარი, ყველი, კვერცხი, პური და პურპროდუქტები. ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი მაღალი ინფლაცია არ აღრიცხულა, თანაც იმ ფონზე, როცა მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 400 ათასამდე კაცი დარჩა უმუშევარი; ვინც სამსახური შეინარჩუნა, შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო ვისაც არ შემცირებია, გაუფასურებამ ლარს დაუკარგა მსყიდველობითი უნარი. ზეთის ფასი სოციალურ ქსელებში სარკასტული იუმორის საგანი გახდა, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, ოქროს ფასი სხვა პროდუქტებსაც დაედება.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი: – მას შემდეგ, რაც არსებობს საბაზრო ეკონომიკა, ფასებიც მუდმივად იზრდება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდებს ნაკლებად ემახსოვრებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველოში კუპონი იყო მიმოქცევაში, საშუალო თვიური ინფლაცია დაახლოებით 56% იყო. ახლა ასეთი მდგომარეობა არ არის, მაგრამ ბოლო 2-2,5-წლიან პერიოდს თუ შევხედავთ, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ასეთი მაღალი ზრდა (4,2%), როგორიც მარტში გვქონდა, არ ყოფილა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც, 7,2% ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 13 წელიწადში. ამაზე მაღალი ინფლაცია ბოლოს მხოლოდ 2008 წელს იყო, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო: ინვესტიციები შემოდიოდა, ლარი მყარდებოდა დოლარის მიმართ და იზრდებოდა ხელფასებიც.
ბოლო წლებში იზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა და კიდევ უფრო სწრაფად იზრდება დახმარების მიღების მსურველთა განაცხადების რაოდენობაც. ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაღარიბების პროცესია დაწყებული და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ-ამბობს ექსპერტი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.