გიგაური: ბრიტანეთის მხრიდან სანქციები მნიშვნელოვანია – რუსი ოლიგარქები ოფშორულ ზონებს ქონების გადასამალად იყენებენ

ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებს.

მესამე სექტორის წარმომადგენელი “პირველებთან” ამბობს, რომ ბრიტანული სანქციების მეშვეობით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ოფშორულ ზონებს საკუთარი ქონების გადასამალად ვეღარ გამოიყენებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბრიტანელების მხრიდან ეს ყველაფერი, რადგან მათ იურისდიქციაში შედის რამდენიმე ოფშორული ზონა. ვიცით, რომ რუსი ოლიგარქების პრაქტიკა არის ის, რომ ისინი ოფშორულ ზონებში აფუძნებენ თავიანთ კომპანიებს და თავისი ბიზნესის გადასამალად ეფექტურად იყენებენ ოფშორულ ზონებს. ბრიტანეთში რა პროცესიც დაიწყო, გაგრძელდება. ყველას კარგად ესმის, მათ შორის, შტატებს, რომ მათ სანქციებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექნება ბრიტანულ სანქციებსაც. ჯერჯერობით არის დრო იმისთვის, რომ ივანიშვილი გაჩერდეს”, – ამბობს ეკა გიგაური. 

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.

  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს” – წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ“.

ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share