დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლებას არალეგიტიმური პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების ფორმალურად შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.
“ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები ქვეყანას მანდატებზე არ ყიდიან” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას არ აპირებს.
თებერვალიც დადგა და რეგლამენტის თანახმად, ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა თებერვლის პირველივე კვირაში საგაზაფხულო სესია უნდა ჩანიშნოს. მან ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, დემოკრატიულმა სამყარომ არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, ე.ი. პარლამენტი და ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
მივმართავ დე-ფაქტო ხელისუფლებას – ნუ წელავთ ჩვენი მანდატების გაუქმების მოთხოვნის შესრულებას! ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები მანდატებზე ქვეყანას არ ყიდიან? არავინ არის შემომსვლელი მაგ არალეგიტიმურ პარლამენტში, ამიტომ პირველივე ე.წ. სესიაზე ფორმალურადაც შეგვიჩერეთ მანდატი, რადგან თავს ისედაც არ ვთვლით მაგ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებად!”. – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.