ევროკავშირი მზად არის საპასუხო ზომებისთვის, თუ აშშ ევროკავშირს ახალ საბაჟო ტარიფებს დაუწესებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ, 3 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის.
ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირს უსამართლოდ ან უსაფუძვლოდ მოექცევიან, რეაგირება მტკიცე იქნება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს ესკალაციის თავიდან აცილებას და დიალოგის სწრაფად დაწყებას.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საბაჟო გადასახადები ბიზნესს ხარჯებს უზრდის, აზიანებს დასაქმებულებსა და მომხმარებლებს და ხელს უწყობს ინფლაციას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული კვირის ბოლოს არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადებს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.