ისეთი შეშინებულები არიან, მოთმინება კი არა, გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს – ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედება შიშზე მეტყველებს. მისი სიტყვებით, მოთმინება კი არა, გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს.

“არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!

თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.

ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ 3 თებერვალს პარტიის ოფისიდან ისაუბრა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. კერძოდ, იგეგმება ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის ზრდა.

გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით, იგეგმება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის:

  • წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა);
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
  • წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
  • ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
  • პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share