2024 წელს ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე აღსრულება იყო. კომპანიის დაკვეთით მოწვეული სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საპროექტო ტერიტორიის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებდნენ. წლის განმავლობაში მათ ჯამში 28 კვლევა ჩაატარეს.
კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა სამშენებლო მონაკვეთში მოქცეულ ტერიტორიაზე მინიმალურია და სრულიად აკმაყოფილებს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
წლის განმავლობაში სხვადასხვა სეზონზე ჩატარებული 28 კვლევის შედეგი, გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული თარიღების შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარედგინა.
კვლევები ტარდება შემდეგი დოკუმენტაციის გამოყენებით:
⦁ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ)
⦁ გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა
⦁ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
შემარბილებელი ღონისძიებების აღსრულება
შემარბილებელი ღონისძიება ეწოდება ქმედებას, როცა კომპანია ცდილობს ისე აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები, რომ მინიმუმამდე შეამციროს, ან თავიდან აიცილოს გარემოზე მოსალოდნელი გავლენა. კომპანია ბახვი ჰესის მოწვევით, SLR-ისა და ALPAGE-ის საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა, რომლის აღსრულებასაც თვალს ადევნებენ და ამოწმებენ წელიწადში რამდენჯერმე. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები კი, 2024 წლის მანძილზე ბახვი ჰესის სამშენებლო მოედნის ყოველდღიურ ინსპექციას ახორციელებდნენ, რა დროსაც ამოწმებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება მშენებლობის დროს.
2024 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა. მათ შორის:
⦁ წითელი ნუსხით დაცული კავკასიური სალამანდრასთვის მოეწყო საბინადრო ტბორები;
⦁ მოჭრილი მორებისგან მოეწყო ალპური ხარაბუზას თავშესაფრები;
⦁ საპროექტო არელში მოქცეულ ხეებზე ფრინველებისთვის დამონტაჟდა ხელოვნური ბუდეები;
⦁ რეკულტივაციისა და ვიზუალური ზემოქმედების შემცირების მიზნით დაითესა ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.
აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიებების მეშვეობით, საპროექტო არეალში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ან თავიდან იქნება აცილებული გარემოზე სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ზემოქმედება
სამშენებლო მოედნის ყოველდღიური მონიტორინგი
ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები სამშენებლო მოედნის ყოველდღიური ინსპექციის ფარგლებში ახორციელებენ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ გაწერილ რეკომენდაციებს, რომლებიც მოიცავს საუკეთესო საეთაშორისო პრაქტიკის გატარებას.