“ბრილიანტის ხელი” გახსოვთ ალბათ, მირონოვი რომ შემოვარდება შეშლილი სახით: “შეფ! ვსიო პრაპალა!” ; აი ზუსტად ამ კადრს დაემსგავსა დღეს ქართული სოციალური ქსელის პრო-დასავლური სპექტრი. ბუნებრივია. იმპულსური ერი ვართ; ადვილად ასაგდები ნებისმიერი მიმართულებით. იმიტომ გავდივართ ჩვენ გასავლელ გზას ისე, როგორც გავდივართ.
შევაჯამოთ მოკლედ დღევანდელი აქტივები; პასივები ზეპირად იცის ყველამ 

1. ბრძოლისაგან გადაქანცული უკრაინელი ხალხის ბირთვი კიდევ უფრო სოლიდურად კონცენტრირდა თავისი პრეზიდენტის ირგვლივ და მისი რეიტინგი სავარაუდოდ საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა წონიანი ექსპერტის მოსაზრებათა თანახმად.
ახალ მონაცემებს ვიხილავთ მალე;
2. მსოფლიოს პრო-უკრაინული კოალიცია მაქსიმალურად შეიკრა და მობილიზდა;
3. ყველა მოაზროვნე ამერიკელმა რესპუბლიკელმა, პოლიტიკოსმაც და მოქალაქემაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და გააკრიტიკა პრეზიდენტი. ვინც არ გააკრიტიკა, მძიმე და მრავლისმეტყველი დუმილით გამოხატა პროტესტი.
4. გაერთიანებულ ევროპას უცებ, ერთ დღეში მოუწია გარდაუვალი ეგზისტენციალური კრიზისის გააზრება, რაზეც ამდენი ხანი თვალს ხუჭავდა და რაზეც პასუხისმგებელი თავად არის სრულად და უპირობოდ.
5. დიდი ბრიტანეთი ახლა მიხვდა, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ არმიაში უფრო მეტი ცხენი ჰყავთ, ვიდრე ტანკი და ფლოტში კი უფრო მეტი ადმირალი, ვიდრე გემი. ბორის ჯონსონზე უკეთ იქ ამას ვერავინ აცნობიერებდა, როგორც აღმოჩნდა.
6. დეკადების განმავლობაში გაქალაჩუნებული ევროპა მიხვდა, რომ იარაღის წარმოებას კი გაზრდის, მაგრამ ჯარისკაცის მენტალიტეტის დაბრუნებას წლები დასჭირდება და თუ ამერიკელი “რიგითი ჯო” წავა, მისი შემცვლელი ამჟამად მხოლოდ უკრაინელი “რიგითი მიკოლა” იქნება.
7. ევროპა იმასაც მიხვდა, რომ ყველა ანტი-რუსული ქვეყნის დახმარება უნდა გაასმაგოს, რადგან ყოველი დაკარგული “სული” პუტინის აქტივში ჩაეწერება და მათ შემოუტრიალდება მტრად.
8. და ბოლოს, მთელმა პროგრესულმა კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ათასნაირი პოპულისტური სიბრიყვის დევნაში დემოკრატია ისეთ იმპოტენტ ფანტომად აქციეს, ერთ თავზეხელაღებულ ადამიანსაც შეუძლია საპნის ბუშტივით გახეთქოს სულის შებერვით.
——
ძალიან სერიოზული აქტივია და თუ ცივილიზაციას გადარჩენა სურს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოქმედება.
ამერიკა გაივლის ამ კრიზისს; ცხადია. პრეზიდენტი ძალიან მალე დაამუხრუჭებს. მოუწევს. გაახსენებენ, რომ სწორედ მან დაიწყო უკრაინის დახმარება თავისი პირველი პრეზიდენტობის დასაწყისში იარაღის მიწოდებით თუ მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით ყირიმის შესახებ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის ამჟამინდელი რეალობა, იცის რომ ამერიკის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდება და გონივრულად გააგრძელებს თავშეკავებულ დიპლომატიას.
საქართველოს აქვს პოტენცია, მოხერხებულად გამოიყენოს ამჟამინდელი სიტუაცია ევროპასა და ამერიკას შორის ლავირებით და არა ამერიკასთან დაპირისპირებით და რუსეთ-ევროპას შორის ჩარჩენით. რამდენად ეყოფა ამისათვის გონიერება, ძნელი სათქმელია ოღონდ.
თუ გავითვალისწინებთ პრო-დასავლური სპექტრის დღევანდელ რეაქციებს, ცივი პრაგმატიზმით მოქმედება ნამდვილად არ წარმოადგენს ჩვენს ნოუ-ჰაუს.
ვნახოთ …