“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

“ფაქტი არის  ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა” – ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია ვახო გომელაურის უწყების მიერ მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს.

მსახიობის თქმით, ორივე შემთხვევაში გადაკეტილ რუსთაველზე მივიდა და პოლიციელებს  ადგილზე არ გაუფრთხილებიათ, რომ კანონს არღვევდა.

ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეთათვის ფინანსური სანქციების დაკისრება ივანიშვილის დიქტატორული მმართველობისა და რეპრესიების გაგრძელებაა – “ჯარიმების საშუალებით, ივანიშვილის გუნდი ადამიანებს უკრძალავს არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას,  ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს”.

17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს”, – ამბობს ბაჩო ქაჯაია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს – რეჟიმი ტელეწამყვანს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share