ხელისუფლება მოხალისე მაშველებს ებრძვის და მოსახლეობას მათთან კონტაქტს უკრძალავს

“მოხალისეებო – ყველას მოგმართავთ გურულების სახელით . შიშის, ოჯახის წევრებზე დარდის და წუხილის გამო ბევრმა ადეკვატურობა დაკარგა. ყველასგან მადლიერებასაც ვერ მიიღებთ, ბევრი წყენაც შეგხვდებათ ალბათ . მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ძალზე ბევრი გურულის გული მოიგეთ და დიდი მადლიერება აქვთ თქვენდამი. ამას გურია არ დაგივიწყებთ და სულ ემახსოვრებათ. შიშის თუ სხვა მიზეზთა გამო თუ არასათანადო დამოკიდებულებას (უმადურობას და სხვა) შეამჩნევთ, გთხოვთ გულში არ ჩაიდოთ. ინტერნეტში გაურკვეველ ხალხს – ბევრს სახელმწიფო დახმარება და ვალდებულება ჰგონია, ვიღაცას ალბათ ფულადი თუ სხვა ინტერესით არსებული პირები , ვიღაცეებს ტვინი აურიეს და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს სახელი დაერქმევა და ყველა ყველაფერს გაიგებს. +ერთი მადლიერი გურული მე”

წერს ფეისბუკმომხმარებელი დავით მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი ერთერთია იმ ასეულობით, ათასობით თუ არა, ადგილობრივებიდან, რომელიც მსგავს განწყობასა და პოზიციას ახმოვანებს, მოხალისე მაშველების მიმართ.

მართლაც შეუძლებელია ადამიანმა აღწეროს ჯერ ის ჯოჯოხეთი რაც გურიაში ამ დღეებში “ტრიალებს” და მერე იმ ადამიანების როლი – მოხალისეებად ანუ მხსნელებად რომ მოევლინენ თოვლში ჩარჩენილ, მიტოვებულ და გაწირულ ადამიანებს.

დღევანდელი ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება კარგადაა ცნობილი უმრავლესობისათვის, თუმცა, გურიაში ბევრს ძალიან უცნაურად ეჩვენა და ვერაფრით ვერ აუხსნიათ – რატომ შეიძლება ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდეს, და მეტიც, ებრძოდეს სამოქალაქო აქტივიზმს ამ შემთხვევაში მაინც, როცა საქმე ადამიანების გადარჩენას ეხება.

უამრავი ადამიანი რედაქციაში გვირეკავს და გვიყვება უცნაურ ისტორიებს-თუ როგორ უკრძალავენ “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირები მოსახლეობას, მოხალისეებიდან, განსაკუთრებით იმ ჯგუფებიდან დახმარების მიღებას, რომლებიც ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდთან, “დაიცავის” და ჯგუფ “დაიტოვესთანაა” კავშირში.

მეტიც, არა მარტო უკრძალავენ, არამედ ასეთ ადამიანებს საჯაროდ კიცხავენ, აკრიტიკებენ და ებრძვიან კიდეც.

მაგალითისათვის:

ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ წინ, საკუთარ გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ გამოყავთ მოხალისე მაშველებს ბაბუ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსადან, რომელიც ონკოპაციენტია, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ქიმია და ტაქსით გადაყავთ თბილისში.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, “ბაბუს” ოჯახს, სოციალურ ქსელში, თავს დაესხა ადგილობრივი “ქართული ოცნების” ლიდერი სოფო მეფარიშვილი:

“შოთა ჩხარტიშვილს გამოსაყვანი რა ჭირდა სუფსის ცენტრიდან, გზა არ ჰქონდა გაწმენდილი თუ სადგურს ვერ მიაგნებდა. აფერისტებო” – წერს მეფარიშვილი.

ჩხარტიშვილის ოჯახი, მოსალოდნელი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, იძულებულია თავი იმართლოს თუ რატომ დათანხმდა მოხალისე მაშველების დახმარებას და ოჯახის წარმომადგენელი ლევან ჩხარტიშვილი “ოცნების” ადგილობრივ ლიდერს პასუხობს:

“მამაჩემს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, ყოველ თვეში იკეთებს ნემსს მუცელზე, სვამს წამალს ყოველთვე ნემსთან ერთად, 25 ში უნდა გაკეთებულიყო, ვერ გაუკეთდა და ამ თვეს არ უნდა გადაცილებულიყო. რაც შეეხება მატარებელს, 4 მდე არ იქნებაო, ასე უთხრეს დედაჩემს, ტრანსპორტი კი არ დადის, ეს ყველამ იცის. ამ შემთხვევაში მართლა მჭირდებოდა ეს დახმარება”

ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებენ და აშინებენ ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი აიღებენ დახმარებას ამ ფონდებიდან და ჯგუფებიდან, ისინი ვერ მოხვდებიან სამთავრობო დახმარების სიაში.

ოფიციალურად, ანუ საჯაროდ, ამ თემებზე საუბარი, შიშის გამო, სოფლის მაცხოვბრებლებს არ სურთ, თუმცა ისტორიები, რომლებსაც ისინი ყვებიან ძალიან დამთრგუნველია.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვცადეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა ისინი ჯერ ტელეფონს პასუხობენ, შემდეგ გვითიშავენ და აღარ გვეკონტაქტებიან.

ოთარ რევიშვილი “სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის””

“ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციის ოფისი დავუთმეთ სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის “დაიცავის”, “დაიტოვე”, “ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი” და სხვა. ჩვენი ორგანიზაციის წევრები პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ვეხმარებით პროდუქტის დაფასოებაში და მოხალისეებს გადავცემთ, რომლებიც შემდგომ არიგებენ ამ დახმარებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი მხრიდან ჩვენთან კავშირი არ ყოფილა. პირიქით, პროპაგანდისტული არხებით ცდილობენ მოხალისეების “გაშავებას” და საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას. სინამდვილეში გურიისთვის ამ მეტად მძიმე პერიოდში, რომ არა მოხალისეები და შესაბამისი ფონდები, უამრავი ადამიანი აღმოჩნდებოდა მხარდაჭერის გარეშე.”.

კოკა ჯახუტაშვილი; ჯგუფი “დაიცავის” ხელმძღვანელი: ოზურგეთის შტაბის კოორდინატორი;

“ოფიციალურად ხელისუფლებიდან არავინ დაგვკავშირებია, პირიქით სხვადასხვა განცხადებებით ცდილობენ შექმნან სიტუაცია, თითქოს არავის ჩვენი დახმარება არ სჭირდება და პირიქით მათ ვუშლით ხელს. პიროვნულ დონეზე რამდენიმე კონტაქტი იყო,  მათი რამდენიმე წარმომადგენლის. თბილისიდან ჩამოსულ ჩვენ მოხალისეებზე, როცა იგებდნენ, რომ ისინი “ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდს” წარმოადგენდნენ, რამდენჯერმე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა გაურკვეველი ახალგაზრდა მამაკაცების მხრიდან. ამ ეტაპზე ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ, ვმუშაობთ ონლაინ რეჟიმსი, ამ წუთებში ჩვენი ჯგუფები მიდიან სოფელ ასკანაში, მიგვაქვს სხვადასხვა რამ, მათ შორის მედიკამენტები, მეშვიდე დღეა დიდთოვლობის და ამ სოფელში არავინ ჯერ არ ასულა. ჯერ ადრეა ანალიზი და რომ დასრულდება ეს ყველაფერი შემდეგ მომხდარზე ვისაუბრებთ”

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share