საქართველოს რამდენი მოქალაქე ითხოვს გერმანიაში თავშესაფარს – ზრდა 52.3%-ია

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, წელს 10 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 770-მა მოქალაქემ მოითხოვა. მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 3 279 მოქალაქეს აქვს დაწერილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52.3%-ით მეტია. 2020 წლის 10 თვეში ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსს საქართველოს 2 152 მოქალაქე ითხოვდა.

BAMF-ის სტატისტიკით, მთლიანად კი წელს 10 თვეში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 150 332-მა მოქალაქემ დაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან. 2020 წელს ჩამონათვალში საქართველო მე-10 ადგილზე იყო, წელს კი რეიტინგში უკვე მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა.

ამასთან, BAMF-ის სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 393-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 3%-ია. მთლიანად კი 2021 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 13 293-მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 3 907 იყო სირიის მოქალაქე (29,4%); 2 376 – ავღანეთის მოქალაქე (17,9%); 1 698 ერაყის მოქალაქე (12,8%). ათეულში საქართველოსთან ერთად შედიან – თურქეთის, მოლდოვას, ირანის, სომალის და ა.შ. მოქალაქეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share