სერია A-ს 23-ე ტურში ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გოლებით სასუოლო 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა და მისი გოლიც ძალიან მაგარი იყო – შესაძლოა, მიმდინარე სეზონში საუკეთესოც.
იტალიური გამოცემების უმეტესობისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა ხვიჩა იყო. აი, რას ვკითხულობთ წამყვან იტალიურ გამოცემებში:
Corriere Dello Sport – 7.5 ქულა: “ალბერტო ტომბა პირველი გოლის სლალომის საავტორო უფლებებს სთხოვს. კვარა ყველაფერს ისე ამარტივებს, რომ შიშისმომგვრელია. ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობა ცოტათი მიმართულებას მაინც შეიცვლიდა, მაგრამ ის… სასუოლო ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ არაფერი გამოდის, ის ყველაფერს დრიბლინგს უკეთებს”.
Calcionapoli1926 – 8 ქულა: “გოლი, რომელიც შედევრია, ერთ-ერთი საუკეთესო სერია A-ს მიმდინარე სეზონში! მეტოქეებმა არ იციან, როგორ შეაჩერონ. ვიქტორთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს”.
Calcionapoli24 – 7.5 ქულა: “რა გოლი გაიტანა?! შეგვეძლო, აქ გავჩერებულიყავით, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გააკეთა: დრიბლინგები, მოგებული დუელები, ოსიმენის მიერ გაფლანგული საგოლე პასი. საიდან ხარ?”.
Calciomercato.com – 8 ქულა: “მე-12 წუთზე ანგარიში ფენომენალური თამაშით გახსნა: ცენტრში ლოპესს აჯობა, შემდეგ ლაურენტე ჩამოიცილა, საჯარიმოს მისადგომებიდან კი ერლიკს ბურთი ფეხებშორის გაუტარა და კუთხეში გაიტანა. KK77 არ თამაშობს, დაფრინავს!”
Tuttonapoli – 8 ქულა: “კიდევ ერთი თამაში და კიდევ ერთი გოლი ფენომენისგან! დიაგონალური დრიბლინგით გოლი გაიტანა, მერე კი ფანტასტიკური პასი გაუკეთა ოსიმენს, რომელმაც წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა”.
Sportmediaset – 7.5 ქულა: “მარტივად გაიტანა გოლი, რომელიც მარტივად გასატანი არ არის. ნახევარდაცვიდან დაიწყო შეტევა და ძალიან მშვიდად ბურთი კარის კუთხეში მოათავსა. გარდა ამისა, არაერთი ტექნიკური თამაში და პასები, რაც მისთვის ბუნებრივი მოვლენაა”.
Calciomercato.it – 8 ქულა: “ულამაზესი გოლი, საოცარი. როგორც ნამდვილ ფენომენს შეეფერება. საოცარი სიმარტივით ატყუებს მეტოქეებს. იდეები, დრიბლინგები, ძალიან მაღალი დონის თამაში”.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ტურიდან ტურამდე უმჯობესდება: მხოლოდ სერია A-ში 19 მატჩი, 10 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგასაც დავუმატებთ: 24 მატჩი, 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, საგოლე პასებით სერია A-ში კვარა ლიდერია, ხოლო ბომბარდირებში მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი (18 გოლი), ადემოლა ლუქმენი (12) და ლაუტარო მარტინესი (12) უსწრებენ.
ნაპოლის 62 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის უახლოეს მდევარ ინტერს 18 (!) ქულით უსწრებს (მილანელები შაბათს, უდინეზეს უმასპინძლებენ). მომდევნო მატჩს სპალეტის გუნდი სერია A-ში 25 თებერვალს, სტუმრად ემპოლისთან ჩაატარებს, მაგრამ მანამდე, 21 თებერვალს, უფრო მნიშვნელოვანი საგარეო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში აინტრახტთან ელოდება.